„ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერება ყოველთვის და ყველა თაობაში უნდა იყოს შენარჩუნებული, ვინაიდან ის ბოროტება, რომელმაც მე-20 საუკუნეში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, არათუ არ განმეორდეს, არამედ იყოს მუდმივად გააზრების და გარკვევის პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართა და ქართველ და ებრაელ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და ჰოლოკოსტის, როგორც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენის შესახებ ისაუბრა.
„გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 27 იანვარი გამოცხადებულია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ და ჩვენ, პარლამენტი წელს პირველად, ამ შენობის კედლებში ვუერთდებით ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს.
მნიშვნელოვანია, რომ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერება ყოველთვის და ყველა თაობაში იყოს შენარჩუნებული, ვინაიდან ის ბოროტება, რომელმაც მე-20 საუკუნეში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, არათუ არ განმეორდეს, არამედ იყოს მუდმივად გააზრების და გარკვევის პროცესში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველ და ებრაელ ხალხს 26 საუკუნოვანი ძმობა აკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი ისტორია ამ მიწაზე არის საერთო ისტორია და საერთო კულტურა.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.
საქართველოს პარლამენტში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს პირველად გაიმართა.