„მეათე წელია ვხელმძღვანელობ საქართველოს ხელოვნების სასახლეს და გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი აქტივობა, როგორიც ახლა არის ჩვენს დარგში ნამდვილად არასოდეს ყოფილა. რამდენიმე მაგალითს გეტყვით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა ის, რომ სახელმწიფომ დაიწყო ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გატანილი ეროვნული საგანძურის დაბრუნება“, - ამის შესახებ ხელოვნების სახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. გიორგი კალანდიამ კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა და პროცესში კულტურის სამინისტროს აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი.
„მე პირადად ვარ იმის მონაწილე, რომ ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, კულტურის მინისტრის ძალიან აქტიური მხარდაჭერით მოვახერხეთ და დაახლოებით 16-მდე ტილო მე-15-დან მე-19-ე საუკუნეების ჩათვლით უცნობილესი ევროპელი ავტორების, მათ შორის რემბრანდტის სკოლის წარმომადგენლების, ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდათ ზუბალაშვილებს, დადიანებს, ერისთავებს, ამილახვრებს, ევროპის საუკეთესო აუქციონებზე მიზერულ ფასად შევისყიდეთ და დავაბრუნეთ. როდესაც სამინისტრო დგას მოლაპარაკების უკან ეს უკვე სხვა სტატუსია და ძალიან ბევრი რამის საშუალებას გაძლევს“, - განაცხადა კალანდიამ.