ბათუმის მერიასა და GIZ-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის, „ფეხით გადაადგილების“ კონცეფციის, „უსაფრთხო გზა სკოლამდე“ სახელმძღვანელოს მომზადებასა და საპარკინგე პოტენციალის კვლევაზე მუშაობა გრძელდება.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია ველომოყვარულებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საჭიროებები. ამ დროისათვის მომზადებულია გეგმის სამუშაო ვერსია. ბათუმის ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობით, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით.
როგორც არჩილ ჩიქოვანმა შეხვედრაზე აღნიშნა, გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ველოსიპედის, როგორც ურბანული ტრანსპორტის სახეობად დანერგვასა და მის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში.
პროექტი ხორციელდება რეგიონულ პროგრამასთან „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.