ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე დაკითხულმა მოწმემ, სამხედრო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, ლევან კახიანმა კობერიძის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე ისაუბრა.
როგორც კახიანმა განაცხადა, 2012 წლის ივნისში უშუალოდ წამებას არ შესწრებია, მაგრამ სამხედრო პოლიციაში, ოთახიდან ესმოდა, როგორ აწამებდნენ კობერიძეს, რომელსაც ტერორისტული აქტის აღიარებას სთხოვდნენ. კობერიძემ სამხედრო პილიციის შენობაში ერთი კვირა გაატარა.
„მეგის ქარდავა, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გიგი კალანდაძე მოვიდნენ სამხედრო პოლიციაში, შევიდნენ მეგისთან კაბინეტში, შეიყვანეს დაკავებული კობერიძე და ყვირილის ხმა გამოდიოდა. ჩემი აზრით, აფეთქების აღიარებას სთხოვდნენ. ქარდავამ მხუთავი აირი გაუშვა ოთახში, რომელმაც სპეციფიური სუნი დატოვა",-განაცხადა მოწმემ.
საქმეზე ბრალდებული არიან დათა ახალაია, მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე, გოგა სამუშია და რომან შამათავა.