„ოპოზიციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ვერ შედგეს და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსული საქმე გაკეთდეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ნაწილზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის ტექსტის ხელმოწერას არ აპირებს და მას აკრიტიკებს.
„ამ საკითხის ირგვლივ არავითარი საფუძველი არ არსებობს ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც თავისი შინაარსით სპეკულაციურია, ხშირ შემთხვევაში. მთავარ ამოცანად და მიზნად ისახავს იმას, რომ რამენაირად დესტრუქციის ახალი მუხტი გააჩინოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო საყოველთაო კონსენსუსის გამოძებნა. ამის მცდელობები, როგორც ჩანს, კიდევ იქნება, რომ რაღაცნაირად განხეთქილების რაღაც მიზეზები შემოტანილიყო ამ სივრცეში, მაშინ როდესაც ობიექტურად ამის არავითარი საფუძველი და საჭიროება არ არსებობს. რეალურად, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოთაგანი, რომლის პარლამენტიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იმ საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც მას შეიძლება, ემუქრებოდეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ესკალაციის თავიდან არიდება და იმ ვითარების მაქსიმალურად განმუხტვა, იმ საფრთხისა, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ზოგადად, ცივილიზებულ კაცობრიობას. რაც მეტი მოქალაქე გამოხატავს თავისებურად პოზიციას, ეს გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანების მიზანი არის არა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს იმ რისკების თავის არიდებისთვის დოკუმენტის მიღებას, რომელიც უკრაინას რისკებს აარიდებს, არამედ ამათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში და ეს პროექტი ვერ შედგეს და ნებსით თუ უნებლიეთ, ამით რუსული საქმე გაკეთდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი ზედმიწევნით გამართულია და ორიენტირებულია რისკებისა და საფრთხეების თავის არიდებისკენ.
„როდესაც ადამიანებს ვარწმუნებთ, რომ კონკრეტული მხარეების არჩაწერა, ესკალაციისკენ ნაბიჯების კიდევ არგადადგმა წარმოადგენს ცუდ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან და ანტიდემოკრატიული განცხადებების გაკეთება, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა. ეს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ფუჭი მცდელობაა.
ამ რეზოლუციის მიღება რეალურად იმ საფრთხეების თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯია. აბსოლუტურად გააზრებული და ყველა სიტყვა აწონილ-დაწონილია რეზოლუციაში, რომელიც ინიცირებულია. ამის მიღმა ნებისმიერი სპეკულაცია არის ნებისმიერი თვალსაზრისით ნონსენსი და აბსურდი.
კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება და არდასახელება არ შეიძლება, გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან. ტექსტი ზედმიწევნით გამართულია და ორიენტირებულია იმ რისკების და საფრთხეების თავის არიდებისკენ, რომელიც მთავარი რისკია. ცოტა უპასუხისმგებლოდ გამოიყურება ოპოზიციის მცდელობები, ინსინუაციებს დაუთმოს ძალიან დიდი ადგილი. რეალურად, იმიზეზებენ იმას, რომ საქართველოში არ შედგეს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. თორემ იმ დოკუმენტს არაფერი დაეწუნება და არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭიროს. რას უწუნებენ დოკუმენტს, გაუგებარია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.