კასპის საკრებულო ყოფილი მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის შოთა ბეგლარაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ საკრებულო განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ და საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილის მიმართ დღეს გავრცელებულ ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც უკვე ხელმოცარული პოლიტიკოსია, ცდილობს, გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია და ადამიანებს მორალური ზიანი მიაყენოს. კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, რომელიც აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს ცილი დასწამა, თითქოს შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილს არ აქვს უმაღლესი განათლება და მისი დიპლომი არის ყალბი, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ბეგლარაშვილი სწავლობდა 1992-1997 წლებში, არ ფლობდა ლიცენზიას და მეტიც, ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობდა. ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება კი პარტიულმა ტელეკომპანია „პირველმა“ უზრუნველყო.
1992-1997 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულება „თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“ (რექტორი პარმენ მარგველაშვილი) არსებობდა და მეტიც, მას სახელმწიფოსგან ლიცენზიაც ჰქონდა მინიჭებული, ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად, განათლების და მეცნიერების სამინისტროში არის შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტიული მედიასაშუალების და მოქალაქე მანუჩარ მერებაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული ცილისწამება, და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, რადგან თუ ბატონ მერებაშვილს შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილის განათლებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა, წლების წინ უნდა გაესაჯაროვებინა, რადგან ის საკრებულოში ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო და ამ ინფორმაციის გადამოწმება მისი ვალდებულება იყო“, - აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.