logo_geo
eng_logo
რეზო სოხაძე: მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება - ქურდობა
- +

29 იანვარი. 2022. 02:49

 

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რეზო სოხაძე მუნიციპალური ინსპექციის მიერ ორხევში განხორციელებულ სახლის დემონტაჟს ეხმაურება.

 

როგორც რეზო სოხაძე აცხადებს, მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება.

 

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს, რადგან სამწუხაროდ, ზოგიერთმა ტელევიზიამ და ადამიანმა სცადა ამ მოვლენების თქვენთვის არასწორი კუთხით დანახვება და სენტიმენტებით მანიპულირება.

 

თავს მოვალედ ვთვლი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება. ეს არის ქურდობა და არაფრით განსხვავდება იმისგან, ვინმე კონკრეტულად თქვენს მიწის ნაკვეთზე რომ შეიჭრას, თქვენი ნებართვის გარეშე ააშენოს რამე და თქვას ჩემიაო.

 

გარდა ამისა, ნუ გვავიწყდება, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრება არის ჩემი, თქვენი და ყველა მოქალაქის საკუთრება. შესაბამისად, თუ გვინდა რომ ვიცხოვროთ სახელმწიფოში, მსგავს ფაქტებს ყოველთვის უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება მთავრობისგან.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის უპატივცემობა იმ კანონმორჩილი მოქალაქეების, რომლებიც შრომობენ, გარკვეულ თანხას იხდიან კერძო საკუთრების შეძენაში და შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ათანხმებენ იქ მშენებლობას.

 

იმ შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ ან სხვა მსგავს ფაქტებს არ მოყვება ის რეაგირება, რაც მოყვა, მივიღებთ დაუსჯელობის სინდრომს - დღეს მუნიციპალიტეტის ქონებაში შეიჭრებიან, ხვალ თქვენს ქონებაში და ა.შ.

 

მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არასწორია და დღეს მერია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ნებისმიერი სწორად გამართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი.

 

რაც შეეხება, იმ ფაქტით მანიპულირებას, რომ ვიღაც უსახლკაროდ დარჩა და რა უგულო მთავრობა გვყავს.

 

მაგალითისთვის მინდა გავასაჯაროო ერთ-ერთი ასეთი „უსახლკარო“ ადამიანის სახელზე აღრიცხული ქონება და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

 

ვისაც უჭირს და სახლ-კარი არა აქვს ამისთვის სპეციალური პროგრამები არსებობს და უამრავი ადამიანი იღებს ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტიდან დახმარებას.

 

ამ ადამიანების დიდი ნაწილი იპარავს თქვენს ქონებას, იმისთვის რომ თვითონ უფრო მეტი ჰქონდეთ და არა იმისთვის რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს მათთვის.

 

ისეთ ადამიანებს, ვისაც სახლი არ აქვს და უკიდურესად უჭირთ, ისედაც იღებენ თავსესაფარსაც და ფულად დახმარებასაც მთავრობისგან.

 

ეს არის კახა ილურიძის ქონების ჩამონათვალი:

 

1) ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N37, კორპ. 4ა-ში მდებარე ბინა N85 (თანასაკუთრება - სვეტლანა გაფრინდაშვილი, თორნიკე ილურიძე და გიორგი ილურიძესთან)

 

2) ქ. თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N12ვ-ში მდებარე ბინა N9

 

3) ქ. თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N12ვ-ში მდებარე ავტოპარკინგი N4“, - წერს რეზო სოხაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner