logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს
- +

29 იანვარი. 2022. 10:40

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში მცირერიცხოვანი ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს.

 

„უახლოეს დროში ჯარებს აღმოსავლეთ ევროპაში, ნატოს ქვეყნებში გავაგზავნი. მათი რიცხვი არც ისე დიდი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

26 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ.

 

„ამერიკის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner