დღეს ორხევის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა. პროცესს კანონდამრღვევთა ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებით აქტიურობდა მოქალაქე კახაბერ ილურიძე, რომელიც აცხადებდა, რომ უკანონო მშენებლობისკენ გაჭირვებამ უბიძგა. მისი თქმით, არის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული და სახელმწიფომ მას მხოლოდ „მიზერული თანხა“ გადაუხადა.
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ აღნიშნული პიროვნება ნამდვილად არის სტიქიით დაზარალებული, თუმცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი კომპენსაცია არც თუ მიზერულია და იგი 356 274 ლარს შეადგენდა.
„აღნიშნულ ოჯახს, რომელიც არის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული, თბილისის მერიამ 2015 წელს კომპენსაციის სახით 356 274 ლარი ჩაურიცხა“, - აცხადებენ მერიაში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული პიროვნების საკუთრებაშია ორი ბინა ვაკის რაიონში-ჭავჭავაძის გამზირზე და ყიფშიძის ქუჩაზე. მათგან ერთის ფართი 110 კვ.მეტრია. კახაბერ ილურიძე ასევე ფლობს საპარკინგე ფართს.