„ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობა ეროვნული თავმოყვარეობის ხარჯზე არ უნდა გადიოდეს. მაგრამ მეორე მხრივ, ამაში ის ადამიანები გვედავებიან, რომლებიც არათუ რეგიონის და საქართველოს მშვიდობაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ, გააკეთეს და დღესაც აკეთებენ იმისთვის, რომ იყოს ომის პროპაგანდა, სიტუაცია რაც შეიძლება დაიძაბოს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, ყველაფერი ისე წერია, როგორც მოცემულ მომენტშია საჭირო.
„აქედან გამოსული პოლიტიკური პარტია კრიტიკას ვერ უნდა ბედავდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც. ოკუპაციას ოკუპაცია ეწოდება და ჩვენ ამას არასდროს მოვრიდებივართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერია ჩაწერილი ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია საჭირო. მოცემული შემთხვევა ეხება კონკრეტულ საკითხს და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციაში ყველაფერი წერია, რაც უნდა ეწეროს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ეს არის სხვა საკითხი და ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური დღის წესრიგი, ყოველდღიური საზრუნავია. ამაზე აქცენტის გადატანა ხდება იმ ხალხის მიერ, რომელსაც ყველანაირად სიტუაციის ესკალაცია უნდა, „ნაცმოძრაობას“ თავისუფლად შეგვიძლია ომის პარტია დავარქვათ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ვერ უზრუნველყვეს ომის თავიდან აცილება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. შემდეგ მათი რეზოლუციებიც კარგად გვახსოვს, სადაც საქართველოს და ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. 10 წელი მალავდნენ ამ ამბავს და ახლა აქეთ ატრიალებენ თემას. ჩვენი პოლიტიკა გამომდინარეობს ომის არდაშვებიდან და ეროვნული ინტერესებიდან, რაც ყველაზე მთავარია“, - განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლად დაარეგისტრირებს. თავის მხრივ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარი პროექტი „ევროპელმა სოციალისტებმაც“ წარადგინეს.