ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უახლოეს დღეებში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის საკითხს, კობახიძემ აღნიშნა, რომ „არჩევნებზე ცესკომ ძალიან გამართულად იმუშავა“ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„სავარაუდოდ, ეს საკითხი პარლამენტში სამშაბათს (1 თებერვალს) განიხილება. იქიდან გამომდინარე, რომ წინა არჩევნებზე ცესკომ ძალიან გამართულად იმუშავა, ალბათ, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძე.
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართება, ცესკოს თავმჯდომარესა და ე.წ. პროფესიულ წევრებს აირჩევენ.
ამავე სხდომაზე პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატის: შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და უყრის კენჭს.