„საქართველოს პარლამენტი ბერკეტია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის. ამიტომ, როდესაც აწყობს პარლამენტი არის ლეგიტიმური ორგანო და როდესაც არ აწყობს - არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი ორგანოა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაზე გავლენის შესახებ ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე.
„არ ვიცი, რას მოელოდა, როდესაც განუბაჟებელ ტვირთად შემოიპარა საქართველოში - არაჟნის კონტეინერში გამოკეტილი, რაც ზოგადად სამარცხვინო მოვლენაა და ვფიქრობ, უნიკალურიც. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ქურდბაცაცასავით, ბინძურ კონტეინერში გამოკეტილი, შემოპარული ქვეყანაში - გაგიგიათ ასეთი პრეცედენტი? მე - არა.
სააკაშვილი ძალიან ნერვიულობს. ამას ახლა ყველაფერი აწყობს, რაც მასზე ყურადღებას გადაიტანს. მათ შორის, ის მგზნებარე დებატები, გამოსვლები, საგამოძიებო კომისიის შექმნა. მის გარშემო თუხთუხი უნდა მიმდინარეობდეს. რა გზებით, რა საშუალებებით, მას საერთოდ არ აღელვებს. მისთვის საქართველოს პარლამენტი ბერკეტია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის. ამიტომ, როდესაც აწყობს პარლამენტი არის ლეგიტიმური ორგანო და როდესაც არ აწყობს - არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი ორგანოა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა მიხვდა, რომ ხელისუფლების დამხობა არის შეუძლებელი და ამაზე სამართლიან და სამართლებრივ პასუხს მიიღებენ.
„ახლა არიან თვითგვემას მიცემულები. გადაფურთხებულის ალოკვა უწევთ და შემობრძანება საქართველოს პარლამენტში“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.