„მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი საქართველოში და გავცნობოდი რა დონის გმირს წარმოადგენს ნონა გაფრინდაშვილი ქართველი ხალხისთვის და, ვფიქრობ, საშინელია Netflix-ის გადაწყვეტილება ასე მიდგომოდა ქართველ ქალ მოჭადრაკეს, რომელმაც ყველანაირი ბარიერი გაარღვია ჭადრაკში“, - ამის შესახებ ადვოკატმა როდნი სმოლამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მომუშავე ადვოკატთა გუნდის წარმომადგენელმა საქმის დასრულებაზე დადებითი პროგნოზი გააკეთა.
„მსურდა ვყოფილიყავი ნონა გაფრინდაშვილის ჩემპიონი სასამართლო დარბაზში. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი პოზიცია გვაქვს. ცხადია, Netflix-ი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას დააპირებს, მაგრამ ვფიქრობ, ამ სასამართლო პროცესის მოგების ძალიან კარგი შანსები გვაქვს“, - განაცხადა სმოლამ.
მისივე თქმით, ამ კონკრეტულ საქმეში ნონა გაფრინდაშვილს მტკიცე მორალური უპირატესობა აქვს და მსოფლიოს მასშტაბით მას არაერთი ადამიანი გულშემატკივრობს, რაც ნამდვილად ეხება სასამართლო პროცესს.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე „ნეტფლიქსს“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთი მონაკვეთის გამო უჩივის. უფრო ზუსტად კი, სერიალში გაჟღერებულია ფრაზა, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება.
28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.