ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 321 782 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 314 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 364 191 494 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 631 457 ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.