„შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს სასურველი ტყის ობიექტი და აიღოს ვალდებულება მის მოვლასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გაავრცელა, ჩემდა სამწუხაროდ, მედიაში მაინც არაერთგვაროვანი და დაუზუსტებელი ინფორმაციები ვრცელდება. ხშირ შემთხვევაში არის არასწორი ინტერპრეტაციები.
ჩვენ მივიღეთ ახალი სატყეო კოდექსი 2020 წელს ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის დასასრული, რომელზეც სახელმწიფო თავის პარტნიორებთან ერთად 7 წელი მუშაობდა. ამ შემთხვევაში მთავარი პარტნიორი იყო გერმანიის მთავრობა და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროპული სახელმწიფო. მათ შორის, ჩართული იყო ევროკავშირი, რათა ქვეყანაში ტყის მართვის ისეთი პრინციპები შემოგვეტანა, როგორიც არის ევროპაში და რაც გულისხმობს ტყეების მდგრადად მართვას. ეს გულისხმობს მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ტყით სარგებლობის უფლებას, რაც არის აუცილებელი პირობა და არის საერთაშორისო სწორი პრაქტიკა ტყის გამოყენების. მეორე - საქართველოში 90-იანი წლების სიდუხჭირემ და პრობლემებმა შექმნა ის, რომ ტყე მხოლოდ სოციალური მიზნით გამოიყენებოდა, ანუ საშეშე მერქნის მოპოვება ხდებოდა და ტყე თავის ძირითად ფუნქციებს - სოციალურს, ეკონომიკურს და ეკოლოგიურს ვერ ასრულებდა. ეს მთავარი პრინციპი ახალ კოდექსში შემოვიტანეთ და ამ კოდექსმა განსაზღვრა ტყით სარგებლობის პირობები, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით. ანუ არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.