კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის BA.2 ქვევარიანტი, რომელიც დანიაში სწრაფად გახდა დომინანტური, უფრო გადამდებია, ვიდრე უფრო გავრცელებული BA.1 ქვევარიანტი და უფრო შეუძლია აცრილი ადამიანების დაინფიცირება. აღნიშნულს დანიაში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.
კვლევამ, რომელიც დანიაში, 8 500-ზე მეტ ოჯახში დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდში ინფიცირების შემთხვევებს მოიცავს, დაადგინა, რომ BA.2 ქვევარიანტით ინფიცირებული ადამიანები დაახლოებით 33%-ით უფრო მეტად აინფიცირებდნენ სხვებს, ვიდრე BA.1-ით ინფიცირებულები.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების 98% „ომიკრონი“ ვარიანტის BA.1 ქვეხაზზე მოდის, თუმცა დანიაში, „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ქვესახეობა დომინანტური გახდა.
„ჩვენი დასკვნის თანახმად, „ომიკრონი“ შტამის BA.2 ქვევარიანტი არსებითად უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1 და მას ასევე აქვს იმუნოევაზიური თვისებები, რაც კიდევ უფრო ამცირებს ვაქცინაციის დამცავ ეფექტს“, - ნათქვამია კვლევაში.
21 იანვარს, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) გამოავლინეს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება. ამ ეტაპზე მას შესწავლის ქვეშ მყოფი ქვესახეობის სტატუსი მიენიჭა.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.