logo_geo
eng_logo
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანით გაუმჯობესდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი
- +

31 იანვარი. 2022. 22:21

 

 

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შედეგად, სისტემაში ჩამოყალიბდება ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს, გააუმჯობესებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

 

მომხსენებლის განმარტებით,  წარმოდგენილი ცვლილებების მთავრი არსია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციაში არსებული გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის გადატანა სამინისტროს სისტემაშივე შემავალ გარემოს ეროვნულ დეპარტამენტში.

 

შესაბამისად, იმ ფუნქცია-მოვალეობებზე, რომესაც დღეს ეს დეპარტამენტი ახორციელებს გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურების განხორციელების კუთხით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის  და ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ჩატარების კუთხით, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ პასუხისმგებელი გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება.

 

სააგენტოს  უფლებამოსილებაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შესაბამისი ლიცენზიების გაცემა და ლიცენზიების რეგულირება, ლიცენზიანტებთან ურთიერთობა, ასევე საერთაშორისო კონვენციით დაცული სახეობების მოპოვების კვოტირება შესწავლა და შესაბამისი სალიცენზიო პირობების დადგენა. უწყება პასუხისმგებელი იქნება აგრეთვე გარემოს მდგომარეობის მონიტორინგზე.

 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, მიმდინარე წელს კომიტეტი უფრო ფართო ჩართულობით და ღიაობით მიიღებს მონაწილეობას  სამინისტროს სისტემური გაძლიერების პროცესში.

 

„შემოდის ბევრი ახალი ვალდებულება, სამინისტრო გასცემს ბევრ ავტორიზაციის დოკუმენტს, იქნება ეს ლიცენზია, ნებართვა, შეთანხმება თუ სხვა. შესაბამისად უმჯობესია ამ კუთხითაც გაძლიერდეს სამინისტრო და ერთი კონკრეტული დაწესებულება შეიქმნას სამინისტროს ფარგლებში, რომელიც მეტწილად ყველა ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც სერვისების გაუმჯობესების კუთხით და აღსრულების ეფექტიანობის კუთხით გააუმჯობესებს სამინისტროს ფუნქციონირებას. რადგან ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს ინიციატივით გარკვეული ცვლილებები წარმოდგენილი იქნება გარემოსდაცვითი ინფორმაციის და  განათლების გაძლიერების მიმართულებითაც“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

 

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი განხილულ კანონპროექტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner