გაზეთი "ახალი თაობა" სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე „ნაციონალურ მოძრაობას" დეზიმფორმაციის გავრცელებაში ამხელს.
„რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში შემთხვევით ვნახე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტის - კობა სუბელიანის ვიდეო, რომელშიც ეს პიროვნება აცხადებს, რომ ივანიშვილს დღემდე არ გაუხსნია საჩხერის „საავადმყოფო, რომლის გახსნას მას ვითომ სააკაშვილი უშლიდა" და რომ მან დაფინანსება შეუწყვიტა საავადმყოფოს და კომპლექსზე ზრუნვა სახელმწიფოს გადააბარა.
მიჩვეული ვარ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან აბსურდული ტყუილების ტირაჟირებას. რასაკვირველია, ამ პარტიის უმთავრეს სამიზნეს კვლავ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დაამარცხა ნაციონალები და მათი 9-წლიანი მმართველობა.
ამ წლებში „ნაციონალების" ტყუილების და ბინძური დეზინფორმაციის კამპანია შეეხო იმ უამრავ სასიკეთო საქმეს, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით. „ნაციონალების" ყოველი მსგავსი კამპანია მათი მხილებითა და ტყუილის გამოაშკარავებით სრულდებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, სააკაშვილის პარტია არ ეშვება საკუთარი თავის მაზოხისტურ გამასხარავებას.
ამჯერად მორიგი დეზინფორმაციული შეტევის სამიზნედ „ნაციონალებმა" შეარჩიეს საჩხერის საავადმყოფო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ამიტომ მინდა, გავცე პასუხი მათ ცილისწამებას.
საჩხერის საავადმყოფო არის 2005 წელს ამოქმედებული ევროსტანდარტების უნიკალური სამედიცინო კომპლექსი, რომელსაც აღჭურვილობით და ტექნიკური სპეციფიკაციებით დღემდე არ გააჩნია ანალოგი ქვეყანაში და ითვლება საუკეთესო კლინიკად.
„ნაციონალებმა" თავად ძალიან კარგად იციან ამის შესახებ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ისეთი სფეროს ობიექტების დისკრედიტაციას, რომელთა განვითარება ბოლო წლებში არათუ აშკარაა, არამედ უცხოეთისთვისაც სანიმუშოა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, აღჭურვასა და პაციენტების უფასო მკურნალობაზე (48 ათასი ადამიანი 10 წლის განმავლობაში) 2005 წლიდან დღემდე „ფონდმა ქართუმ" 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო.
წლების განმავლობაში საჩხერის სამედიცინო კომპლექსი მუშაობს არა მხოლოდ როგორც გადაუდებელი დახმარების, სამკურნალო და სარეაბილიტაციო დაწესებულება, არამედ, როგორც საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც გააჩნია სასტუმრო, მედპერსონალის საცხოვრებელი კორპუსი და საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის.
წლების განმავლობაში ამ უნიკალურ კომპლექსში არაერთმა სტუდენტმა გაიარა მომზადება და ჩამოყალიბდა კვალიფიციურ სპეციალისტად. ეს საქმე დღესაც წარმატებით გრძელდება.
2005 წლიდან დღემდე საჩხერის სამედიცინო კომპლექსი (8 ძირითადი კორპუსი და 3 დამხმარე ნაგებობა) მუშაობს გამართულად და ემსახურება საჩხერის მოსახლეობას. ხოლო ნაციონალების მიერ „დღემდე არგახსნილი" და გაჩერებულად გასაღებული კორპუსი, რეალურად არის ამ უნიკალური კომპლექსის ყველაზე საინტერესო ნაწილი.
ჯერ კიდევ საავადმყოფოს მშენებლობისას, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, კომპლექსის მომავალი განვითარებისთვის წინასწარ აშენდა პერსპექტივაზე გათვლილი კორპუსი, რომელიც მზადაა ექსპლუატაციისთვის და ამუშავდება მაშინვე, როგორც ამის საჭიროება დადგება.
სწორედ ამ უნიკალურ კორპუსს მიადგა „ნაციონალური მოძრაობა".
ამ ეტაპზე კომპლექსის მოქმედი კორპუსები სავსებით საკმარისია პაციენტების დღეს არსებული რაოდენობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში კვლავ არ დადგება სათადარიგო კორპუსის სამკურნალო დაწესებულებად ამოქმედების საჭიროება, ჩვენ შემუშავებული გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვით, სათადარიგო კორპუსში განთავსდება სამეცნიერო ცენტრი.
რაც შეეხება საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსებას.
2013 წლიდან საჩხერის სამედიცინო კომპლექსის სხვა კლინიკებთან ერთად ჩაერთო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, რადგან ქვეყანაში ვერ იმოქმედებდა 2 სხვადასხვა სისტემა. დღეს საჩხერის საავადმყოფოს ძირითადად აფინანსებს სახელმწიფო, თუმცა კომპლექსი, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, მაინც საჭიროებს თანადაფინანსებას, რასაც დღემდე ახორციელებს „ფონდი ქართუ".
რაც შეეხება სუბელიანის მეორე სიცრუეს.
მოსახლეობას ახსოვს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვა არ არსებობდა, სამედიცინო დახმარების მიღება კი მოსახლეობის უმრავლესობითვის ფუფუნებას წარმოადგენდა.
ამ სავალალო მდგომარეობას ვერ შეცვლიდა მხოლოდ საჩხერის საავადმყოფო, რომელიც ემსახურებოდა ქართუ დაზღვევის მქონე 48 ათას მოქალაქეს. ამ ვითარებაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ბიძინა ივანიშვილის და დღევანდელი ჯანდაცვის მინისტრის (იმ პერიოდში საჩხერის საავადმყოფოს მთავარი ექიმის), დავით სერგეენკოს ინიციატივით შეიქმნა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ემერჯენსის 12 პუნქტის აშენებას საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რათა მოქალაქეებს შეძლებოდათ გადაუდებელი დახმარების მიღება დროის უმოკლეს პერიოდში.
საწყის ეტაპზე „ფონდმა ქართუმ" ააშენა ურეკის ემერჯენსის ექსპერიმენტული პუნქტი, რომელიც 7 წელი წარმატებით, უფასოდ ემსახურებოდა მოსახლეობას.
ურეკის წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ დაგეგმილი იყო კიდევ 11 მსგავსი პუნქტის აშენება. თუმცა ურეკის პუნქტის შემდეგ მოხერხდა მხოლოდ ბორითის ემერჯენსის პუნქტის აშენება. მშენებლობა დასრულდა 2012 წელს, მაგრამ სააკაშვილმა ჩაშალა მისი გახსნა. სწორედ ამ ჩაშლაზე იყო საუბარი და არა- საავადმყოფოზე, რასაც სუბელიანი სულ სხვა კონტექსტში ახსენებს თავის ვიდეომიმართვაში.
„ემერჯენსის დანარჩენი პუნქტების აშენებას კი სააკაშვილის ხელისუფლება საერთოდ შეეწინააღმდეგა იმ მიზეზით, რომ ამგვარი დაწესებულებების მშენებლობა თურმე ხელს შეუშლიდა ფასიანი კერძო კლინიკების განვითარებას და მოგებას დაუკარგავდა მათ.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში დაუყოვნებლივ იქნა შემოღებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც გულისხმობდა დაზღვევას ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ემერჯენსის სისტემის აუცილებლობა ჩაანაცვლა ახალმა, მსოფლიოში უპრეცედენტო ჯანდაცვის პროგრამამ.
სახელმწიფო დაფინანსების პარალელურად „ფონდი ქართუ" გააგრძელებს საჩხერის სამედიცინო კომპლექსის თანადაფინანსებას მანამ, სანამ ქვეყნის ბიუჯეტი და ჯანდაცვის სიტემა არ მოძლიერდება იმ მდგომარეობამდე, რომ თავად შეძლოს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახალი უნიკალური პროექტების განცხორციელება და ექსპლუატაცია.
დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ეწვიოს საჩხერის სამედიცინო კომპლექსს და თავისი თვალით შეაფასოს ობიექტის ხარისხი და უნიკალობა. ყველას შეუძლია მოინახულოს ის სათადარიგო კორპუსიც, რომელიც ნაციონალებმა გაასაღეს „დღემდე არგახსნილ საავადმყოფოდ" და თავისი თვალით ნახოს, რომ შენობა აშენების დღიდან მზადაა ექსპლუატაციისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება.
და, რაც მთავარია, ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს თავის თვალით შეუძლია ნახოს, რომ „ნაციონალების" ბრალდებები ამჯერადაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს, გაუგონარ უმადურობასა და უსინდისო დეზინფორმაციას", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს სს საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე აწერს.