ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, საკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემაც, პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული ხიდის რეაბილიტაციაც. გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა.
გზის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საკალანდიოს უბანში მცხოვრები ასამდე ოჯახი თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10 კილომეტრიანი გზა აშენდა ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამეადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოს და საგრიგოლაიოს მიმართულებებითაც.