ავტორი ბიძინა დვალი
უკრაინის პრეზიდენტზე უფრო მეტი უკრაინელი და NATO-ს წევრ სახელმწიფოებზე უფრო მეტი NATO-ელი - ასე შეიძლება დავახასიათოთ ყველა ის ქართველი ე.წ. პოლიტიკოსი და ე.წ. ექსპერტი, ვინც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ტონის უკიდურესობამდე გამკაცრებასა და რუსეთისა და პუტინის ყველა ბრუნვაში ტრიალს მოითხოვს.
მთელი ევროკავშირის და NATO-ს წევრი სახელმწიფოების შეშფოთება-აღშფოთება, ჯერ-ჯერობით, ნწუ-ნწუ-ნწუ-ნწუ...ს იქით არ მიდის და ამ ვითარებაში, უნებლიედ, შეიძლება იმ ფიქრმაც გაგიელვოს კაცს, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული, თუნდაც მოზომილი ტექსტის „საქვეყნოდ გამოფენა“, ცოტა ნაადრევი ხომ არ არისო? კარგად მესმის, რომ სანამ ევროგაერთიანებისა და NATO-ს მხრიდან აღიარებას არ მოვიპოვებთ, მუდმივად რაღაც-რაღაცეები უნდა ვამტკიცოთ ხოლმე, მაგრამ ზედმეტები და მომავალ თანასწორ პარტნიორებზე „თავზე გადახტომები“ არა მგონია პროდუქტიული ნაბიჯი იყოს. მეჩვენება, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა უფრო შიდა მოხმარების თემაა, ვიდრე რაიმე გარე შედეგზე, ანუ უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე გათვლილი ნაბიჯი.
შექმნილი რეალობის ობიექტული ანალიზისთვის, მოდით, კონკრეტული მაგალითებით, კონკრეტული ფაქტებით ვილაპარაკოთ: NATO-ს ერთი-ორი წამყვანი სახელმწიფოს მხრიდან, მაქსიმუმი, რასაც უკრაინას ჰპირდებიან, არის ის, რომ როგორც არა ვალდებულებებით დაკავშირებულ, არამედ როგორც, უბრალოდ, „მეგობარ“ (შემირცხვენია ვალდებულებებისგან დაცლილი მეგობრობა) სახელმწიფოს, მიაწვდიან გარკვეული რაოდენობის თავდაცვით იარაღს. გარდა ამისა, გადაწყვეტილია, რომ ომის ცენტრალურ ევროპაში განვრცობის თავიდან ასარიდებლად(???!), ალიანსის საჯარისო ფორმირებებს, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს განალაგებენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პერსპექტივას, რადგან იქმნება ერთგვარი ჩაკეტილი სივრცე - რინგი ორისთვის, ცოფიანი დათვისთვის და მოკლე ხანჯლით შეიარაღებული გლადიატორისთვის. ანუ, წლების განმავლობაში სხვადასხვა დაპირებებით შეგულიანებულ „ოჯახის მომავალ წევრს“ ღიად და მკაფიოდ ეუბნებიან, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ საფრთხედ აღიარებულ რუსეთის სახელმწიფოსთან ომი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლად მოუწევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლელი პარტნიორების მაქსიმუმი, უკრაინის რეალური საჭიროებების მინიმუმთან ახლოსაც ვერ მიდის.
ევროპის ლიდერი სახელმწიფო, გერმანია, საერთოდ განერიდა, საყოველთაო შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და ყველაზე დიდი საფრთხის შემცველ პროცესს. იმდენად განერიდა, რომ ერთი შეხედვით, თავისი საერთაშორისო ავტორიტეტი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. მართალია, გერმანიის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო პირი მკაცრად დასაჯა უკრაინის მიმართ უადგილო შეფასებებისთვის, მაგრამ „შეცდომისთვის“ ისეთი კომპენსაცია გაიღო, რომ გადაყენებულ ადმირალს შეიძლება უხაროდეს კიდეც ნაადრევ პენსიაზე გასვლა - უკრაინის არმიას გერმანიისგან დახმარების სახით გადაეცა 5000 (ხუთი ათასი) ცალი ჩაფხუტი(?)... ერთმა იმედგაცრუებულმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა მწარედ იხუმრა, მომავალში ბალიშებს ველოდებით იმ ჩაფხუტების წყალობით გადარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვისო. ხუმრობა იქით იყოს და პარალელურად, NATO-ს წევრი გერმანიის მთავრობამ NATO-ს წევრი ესტონეთის მთავრობას მოსთხოვა, მის მიერ საჩუქრად გადაცემული იარაღიდან, მცირედიც კი არ გაიღოს უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიზნით.
გერმანიის მრავალი კითხვის აღმძვრელი მაგალითის მერე, ხორვატულ „გაუგებრობაზე“ და სხვა „უხერხულ ინციდენტებზე“ ყურადღების გამახვილებაც არ ღირს...
როცა უდიდესი ძალის, უდიდესი შესაძლებლობებისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე გერმანია, ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ასე იქცევა, თუ შენი პატარა სამშობლოს წინაშე ოდნავი პასუხისმგებლობა გაგაჩნია, ცოტა უნდა დაფიქრდე მაინც.
მოსალოდნელი ესკალაციის პროცესში, მთავარი მოთამაშეები რუსეთი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც რუსეთს აგრესორის როლი აქვს განსაზღვრული, უკრაინას მსხვერპლის, ხოლო აშშ-ს - მომრიგებელ-დამკვირვებლის. სრული კატეგორიულობით შემიძლია განვაცხადო, რომ ქართველი პოლიტიკოსისთვის, თუ ის პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტის მომხრეა, მოვლენათა ამ ურთულეს განვითარებაში, მთავარი უნდა იყოს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების პოზიცია. როცა უკრაინის პრეზიდენტი, მთელი მსოფლიოს გასაგონად, არაორაზროვნად გაიძახის, რომ რეალობასთან აცდენილი განცხადებებით ხდება ვითარების ხელოვნურად დამძიმება, რომ მისი ქვეყნის მოსახლეობაში ეს ყველაფერი იწვევს უსაფუძვლო პანიკას და რომ, აქედან გამომდინარე, ეკონომიკას ადგება გამოუსწორებელი ზიანი, რა ნამუსით უნდა გააგრძელო ტემპერატურის აწევაზე თუნდაც ფიქრიც კი? მითუმეტეს, როცა იცი, რომ უდროო დროს და უადგილო ადგილას „ცეცხლის დანთებით“ ზიანს ვერავის მიაყენებ, მხოლოდ ხელები შეიძლება დაიწვა.
საყურადღებოა პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთი განცხადება, რომლის ადრესატიც NATO-ს წევრი სახელმწიფოებია: „ნამდვილად ვიცით, რომ თუ ჩვენ არ ვართ NATO-ში, მაშინ თვითონ ვიცავთ თავს. როცა თავად იცავ თავს, როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან, კითხულობ: რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ - არა“. და კიდევ - „არ ვიცი, რა იქნება შემდეგ... თუ ასეა, თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები „მოგვიანებით?“ ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება, მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს „შემდეგ“. მსგავსი საქციელი უსამართლოა“.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ზელენსკი არა პირად, არამედ უკრაინელი ხალხის პოზიციას გამოხატავს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შექმნილ ვითარებაში მისი ერთადერთი საყრდენი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხია.
ესკალაციის საფრთხეს მაღალი გაურკვევლობის ხარისხი რომ ახლავს თან, ამის თვალსაჩინო მაგალითია, დანაშაულებრივი ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ცივსისხლიანი „ზონდერის“, წლების განმავლობაში უკრაინის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული და უკრაინულ გასტროლებზე მ.სააკაშვილის მარჯვენა ხელის, დავით საყვარელიძის შეფასებები: „უკრაინის დაშინების კამპანია გრძელდება ყველა მხრიდან - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და მთავარი მტრის, რუსეთის ერთობლივი ძალებით! ასეთი ეპიკური შეცდომა და ამერიკანიზმის ყველა ღირებულების ჩანაცვლება დიდი ხანია არავის უნახავს. ბაიდენმა დაუშვა თავისუფალი სამყაროს ნებისმიერი ლიდერისთვის ფატალური შეცდომა და შეთქმულებაში შევიდა კრემლში მჯდომ პარანოიკთან. მან სიტყვა მისცა „მინსკი 2“-თან დაკავშირებით, რომ მიაწვება უკრაინას ამ შეთანხმების შესრულებისთვის ისე, როგორც ამას პუტინი ხედავს“.
დავით საყვარელიძისეული შეფასებები მთავრდება უმძიმესი დასკვნით - „ეს წერტილს დაუსვამს უკრაინის დასავლურ-ტრანსატლანტიკურ მომავალს და დამოუკიდებლობას, რომელიც ბრძოლითა და სისხლით არის მოპოვებული. ახლა ბაიდენი ჩიხშია და ჯერჯერობით ვერ ვხვდები, როგორ გამოიყვანს „ბაბუს“ ამ პოლიტიკური სამარიდან მისი ადმინისტრაცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს“.
ძველი „ნაცზონდერის“ მოსაზრებები მრავალმხრივ არის საყურადღებო - თავისი წარსულიდან, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ის ვერ გაბედავს და ზურგს ვერ აქცევს სააკაშვილის ინტერესებს, ნებისმიერ პოლიტიკურ თემასთან დაკავშირებით. როცა ცნობილია ნაცსექტის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რაც, ბუნებრივია, მათ ბელადთან აუცილებლად იქნება შეთანხმებული, რას უნდა ნიშნავდეს სექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ყველაზე „დამსახურებული“ წევრის ეს „გამოხდომა“? უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ, უკრაინულ საზოგადოებრივ აზრში, იმდენად მყარად აქვს გადგმული ფესვები საყვარელიძის მიერ გამჟღავნებულ დამოკიდებულებას, რომ სააკაშვილი იძულებულია, მისთვის დამახასიათებელი ორმაგი თამაში ითამაშოს, რათა შეინარჩუნოს უკრაინის ხელისუფლების ის, თუნდაც მცირე, მხარდაჭერა, რაც მისთვის ამ მძიმე პერიოდში, ჯერ კიდევ არსებობს.
ბატონი ზელენსკის და „ზონდერ“ საყვარელიძის შეფასებები რომ შევაჯეროთ, ანუ რომ შევაჯეროთ აღქმები „ზევიდან“ და „ქვევიდან“, შემდეგ დასკვნებამდე მივალთ:
ა) უკრაინას, ერთმნიშვნელოვნად, ომი არ უნდა და გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ძალისხმევას არ იშურებს, როგორმე გააღებინოს NATO-ს კარი ვისაც ჯერ არს. ყველა სხვა შემთხვევაში, ჩვენი კიეველი მეგობრები და პარტნიორები წაგებულები დარჩებიან;
ბ) NATO-ს წევრი სახელმწიფოების სიტყვა და საქმე ურცხვად ემიჯნება ერთმანეთს. არავის სურს აუტკივარი თავის ატკივება, მაგრამ, იმავდროულად, მცდელობას არ აკლებენ, თავის უმოქმედობაზე პასუხისმგებლობა უკრაინას აჰკიდონ, ლამაზი სიტყვებით უხვად დატვირთული „შეგონებებით“ – „სწორ გზაზე დგახართ...“ „კიდევ ბევრი უნდა იმუშაოთ...“ „NATO-ს კარი ღიაა...“ და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ერთი ლაფსუსი აქაც გაეპარათ - იმ „ალალმა“ გერმანელმა კაცმა, თავის გულახდილობას კარიერა რომ შესწირა, სიტყვა-სიტყვით შემდეგი განაცხადა, „საქართველო ყოველმხრივ მზად არის NATO-ში გასაწევრიანებლად, მაგრამ მაინც არ მივიღებთო, მიზანშეწონილი არ იქნებაო...“ ევროგაერთიანების დამოკიდებულება მოსალოდნელი ომისადმი ერთ ორსიტყვიან საბედისწერო ფრაზაში ეტევა - „ხელებიც დაგვიბანიაო“. სხვათაშორის, ამერიკელებისა და ბრიტანელებისგან განსხვავებით, ევროკავშირელები, სანქციებზე საუბრის დროსაც, დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან.
გ) რუსეთი არ მალავს, რომ სურს მუდმივად შეინარჩუნოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოპოვებული პოზიციები (ყირიმზე ლაპარაკიც აღარ არის). ამის გარანტიად ის მიიჩნევს უკრაინის NATO-ში არგაწევრიანებას. დასავლური სტრუქტურები რუსეთის ამ სურვილს თითქოს უარყოფითად პასუხობენ, მაგრამ იმდენად შორეულ პერსპექტივაში გადააქვთ შესაძლო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი პასუხისმგებელი პირები, არც იქ და არც იქ, დიდი ალბათობით, ცოცხლები აღარ იქნებიან. ანუ, პოლიტიკური შინაარსის ერთგვარ აბსურდის თეატრში ვიმყოფებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის მხრიდან ომის აუცილებლობა დიდად არ იკვეთება.
განხილვას იმსახურებს ერთი, შეიძლება ითქვას, თეორიული ვარიანტი - რუსეთის შიდა პოლიტიკური ვითარება იმდენად მწვავეა, რომ პუტინი კრიზისის მოსახსნელად არაორდინალური გადაწყვეტილებების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა. აღნიშნული მიმართულებით ხელჩასაჭიდი ვერაფერი მოვიძიე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რუსეთის თემაზე მომუშავე სპეციალისტები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებულს არაფერს ამბობენ.
არსებობს კიდევ ერთი, 50/50%-ზე თეორიულ-რეალური სავარაუდო სცენარი - იმ ტიპის პროვოკაცია, უკრაინაზე გადაბრალებით, ყველაფერზე ხელის მომწერ სააკაშვილს რომ მოაწყობინეს ცხინვალის რეგიონში;
დ) დასავლეთის მიმართულებაში ცალკე გამოყოფას მოითხოვს აშშ-ის და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის აქტივობების ანალიზი - პანდემიის, ეკონომიკური უკუსვლისა (ჩინეთის კონტექსტში) და საგარეო პოლიტიკაში მძიმე ჩავარდნების (სირია, ავღანეთი, ყაზახეთი) შედეგად, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმზეა დასული. ამას ისიც ემატება, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვები კიდევ უფრო მძაფრად ითხოვს დამაჯერებელ პასუხებს. ისტორია გვასწავლის, რომ შესუსტებული პოზიციების გამყარებისთვის ომის გამოყენება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კრიზისი, არცთუ იშვიათად, ახალი შეცდომებისა და ჩავარდნების საფუძველი ხდება ხოლმე. რუსეთ-უკრაინის ომით (მცირემასშტაბიანი იქნება ის, თუ ფართომასშტაბიანი), რომლის შედეგიც წინასწარ არის ცნობილი, ამერიკა, რუსეთთან დაპირისპირებაში, ვეჭვობ, ბევრს ვერაფერს მოიგებს. შეპირებული ეკონომიკური სანქციები, გარკვეული დროის განმავლობაში, დამაზიანებელი იქნება „მსოფლიოს ბოლო იმპერიისთვის“, მაგრამ ეს არაფერია იმ დივიდენდებთან შედარებით, რასაც პუტინი მოიპოვებს პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით. თანაც, როგორც ხდება ხოლმე, რუსეთი მოკლე დროში მოახერხებს ახალ რეალობასთან ადაპტაციას, მოახდენს როგორც ეკონომიკის, ისე ბაზრების დივერსიფიკაციას და სრულიად განახლებული წარსდგება მსოფლიოს წინაშე, ახალი გადანაწილების შედეგად გაფართოებული გავლენებით.
ერთადერთი, ვისთანაც შეიძლება მოგებული დარჩეს ბაიდენის ამერიკა, ევროკავშირია. სანქციები, როგორც წესი, ორმხრივად ზიანის მომტანია. რა თქმა უნდა, უფრო ძლიერ ზიანდება სანქცირებული ქვეყანა, მაგრამ მეორე მხარესაც უწევს ხოლმე გარკვეული კრიზისების გადატანა. ეს მეორე მხარე, კონკრეტულ შემთხვევაში, იქნება ევროკავშირი (აქ არ შეიძლება არ ამოგიტივტივდეს გერმანიის პოზიციონირებასთან დაკავშირებული კითხვები). ამ პირობებში ის უფრო მეტად დამოკიდებული გახდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე და „უკრაინელების ხარჯზე“ (როგორც პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს) მოპოვებული ეს „გამარჯვება“ იქნება ამერიკელი პოლიტიკოსების „სიამაყის“ ერთადერთი საფუძველი.
ზემოთ შემოთავაზებული ვრცელი ანალიზის შემდეგ, უპრიანი იქნება დავუბრუნდეთ სხვადასხვა აბზაცში მიმოფანტულ, უპასუხოდ დატოვებულ მნიშვნელოვან კითხვებს: რით არის გამოწვეული ევროკავშირის სახელმწიფოების თითქოსდა ვითარებასთან შეუსაბამო პასიურობა? რატომ იქცევა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ასე გაუგებრად გერმანია? სად ქრება ხოლმე NATO-ს პრინციპები, როცა რუსეთი კლანჭებს აჩენს? სად არის საქართველოს და უკრაინის ადგილი საერთაშორისო პოლიტიკაში?.. კითხვა ბევრია, პასუხები ბუნდოვანი.
ბოლოსთვის შემოვიტოვე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - რა ელის საქართველოს? იმის გაცნობიერება, რომ უკრაინა საზარბაზნე ხორცად არის გაწირული, გვაფიქრებინებს, რომ დღევანდელი სტატუს-ქვო სანატრელი მდგომარეობაა, თავისი 20% დაკარგული ტერიტორიებითა და ჰაერში გამოკიდებული უსაფრთხოებით. უფრო მეტიც, უკრაინის სცენარს ბეწვზე ვართ გადარჩენილი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ქვეყანაც იმ გეგმის ნაწილი უნდა გამხდარიყო, რაც უკრაინაში ხდება.
კონკრეტული დასკვნების გასაკეთებლად, გონების თვალით, კიდევ ერთხელ დეტალურად გავიაროთ ის პროცესები, რაც ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გადახდენია და შემდგომ ამისა, ვცადოთ ლოგიკური ჯაჭვის აწყობა ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამ შემთხვევაში შედარებით ადვილი იქნება პასუხის გაცემა კითხვაზე - რა ელის საქართველოს?
(გაგრძელება იქნება)
ბიძინა დვალი
01.02.2022 წ.