უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ რუსეთთან მეზობლობა ვულკანის გვერდით ცხოვრებას შეადარა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ევროპის ჩვენი ნაწილი მიწისძვრასა და ვულკანის ამოფრქვევას განიცდის. თუმცა, მერე რა? როდესაც ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ვულკანის გვერდით ვცხოვრობთ. ჩვენ გვესმის, რა ღირებულია უსაფრთხოება, კავშირები, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. გვსურს, ასეთი მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას. უკრაინისათვის ასეთ მხარდაჭერას ვთხოვთ ევროკავშირსა და ნატოს. თუმცა, პოლონეთი მზად არის, უკრაინას დახმარება გაუწიოს გაზის სფეროში, თავდაცვისუნარიანობის საკითხებში, ეკონომიკის სტაბილიზაციასა და ჰუმანიტარულ საკითხებში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.
მანამდე უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან.