„ჩვენ დღეს ნათლად დავინახეთ პარლამენტში, რომ „ნაცმოძრაობა“ არის პოლიტიკურად განულებული პარტია“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ არაფერი ამოძრავებს იმისა, რომ ქვეყნის ინტერესებს მოემსახურონ, შევიდნენ თუნდაც ცხარე საგნობრივ დებატებში ან წამოაყენონ ინიციატივები.
„ბოლო წელიწად-ნახევარია, როდესაც ხასიათზე იყვნენ და ბელადი მოუწოდებდა, შემოვიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ რაღაც საბოტაჟით გადიოდნენ. ახლა აცივდა და მათი პარტიის ლიდერებს ქუჩაში მარტო დგომა ეტყობა აღარ სიამოვნებთ, ვინაიდან ხედავენ, რომ საზოგადოება მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე არ გადის. ამიტომ ახლა მათ გადაწყვიტეს, თითქოს კონსტრუქციულ პარტიად ჩამოყალიბდნენ და საპარლამენტო ცხოვრებაში ერთვებიან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს საქართველოს ჰიმნის დროს სასესიო დარბაზში გაშალეს მიხეილ სააკაშვილის ბანერი. მათი წარმოდგენით, ქვეყანა გაიგივებულია მიხეილ სააკაშვილთან. ამ პარტიას არ გააჩნია ღირებულებები და იდეოლოგია. ეს არის პარტია, რომელიც გაერთიანებულია ერთი ბელადის ირგვლივ. საზოგადოებას აუცილებლად უნდა გავახსენო, როგორი კომენტარები იყო მათი მხრიდან - ვინც შევა პარლამენტში, ისინი პუფებზე დასხდებიან, რომ ეს არის დემოკრატიის იმიტაცია, თოჯინების თეატრი და ა.შ. ამას ამბობდა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, პარტიის სხვა ლიდერები. დღეს მინდა რიტორიკული კითხვა დავსვა - რომელ ერთზე არიან: პუფებზე სხედან, თოჯინების თეატრში მონაწილეობენ თუ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში“, - განაცხადა ამილახვარმა.