logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: 2011 წელს კლინიკა სპეცოპერაციით აიღეს და დღეს საჩხერეზე იტყუებიან უტიფრად
- +

4 აგვისტო. 2016. 17:20



„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა სუბელიანმა თავის სოციალურ ქსელში საჩხერის საავადმყოფოს შენობის  ვიდეო გამოაქვეყნა და ავრცელებს ინფორმაციას, რომ იქაურობა გამოკეტილია, ექიმებს კი ორი თვის განმავლობაში არ მიუღიათ ხელფასი. თავის კომენტარებში კი მედიას მოუწოდებს, გაარკვიონ ეს საკითხი.


„აიპრესთან" მიცემულ ინტერვიუში შრომისა და ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო საჩხერის საავადმყოფოსთან დაკავშირებით საუბრობს.


დავით სერგეენკო: „ერთი მხრივ, ადვილია ხოლმე, რომ ადამიანმა რაღაც ბრალდება დაახეთქოს, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და მოპასუხე აიძულოს, რომ თავი იმართლოს. ზოგჯერ ასეთი პრიმიტიული ხრიკები ამართლებს. საქმე იმაშია, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, იმდენად შეუსაბამოა ყველაფერი. 

რა ხდება საჩხერის საავადმყოფოში, ყველაფერი ვიცი, მთელი 6 წელი მაკავშირებს იქაურობასთან, ამიტომ ძირითად მომენტებს გეტყვით

საჩხერის საავადმყოფოებში დაიწყო არა მარტო რეკონსტრუქცია, არამედ ახალი კორპუსების მშენებლობა. დაპროექტებაზე სამაგიდო წიგნად გვქონდა ამერიკის არქიტექტორთა ასოციაციის გაიდლაინი, როგორ უნდა დაპროექტდეს კლინიკები. ყველა დეტალი დაპროექტებული და შესრულებულია იმ საერთაშორისო გაიდლაინებით.

ტესტირების დროსაც ჩამოგვყავდა უცხოელები. ნურავის ეწყინება, მაგრამ ასეთი ტექნოლოგიის სამედიცინო დაწესებულება რეალურად არ არსებობს საქართველოში.

თვითონ კონცეფცია ასეთი იყო: ახალი კორპუსის აშენება, ან ძველის რეკონსტრუქცია ყოველთვის იწვევს ტერიტორიაზე ტექნიკის მოძრაობასა და ხელის შეშლას, ამიტომ გვიჭირდა პარალელური აქტივობები. დავგეგმეთ და რეკონსტრუქციის შემდეგ ორი ახალი კორპუსი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, რომელთაგან ახლა ორივე მუშაობს.

პლუს, ავაშენეთ ცალკე შენობა, რომელზეც ნულ სართულზე არის ტექნიკური სამედიცინო აირების მართვის ცენტრი და ზედა ორი სართული დავტოვეთ იმისთვის, რომ ცენტრს დიდი განვითარების პერსპექტივა აქვს და თუ კი ახლის გაკეთებას დავაპირებდით, ტერიტორიის ნგრევა არ უნდა გამოგვეწვია.

- ბატონო დავით, აქვთ თუ არა ექიმებს შეფერხება ხელფასზე?

- ხელფასზე შეფერხება არავის ჰქონია. რაც საჩხერის სამედიცინო ცენტრი გადაერთო საყოველთაო ჯანდაცვაზე არა თუ პაციენტების ნაკადი იზრდება, არამედ რეალურად შეძლეს შედარებით მოკრძალებული ინვესტიციების განხორციელება. ეს ყველაფერი საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებით.

რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს: ის იურიდიული პირი, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრს მართავს, ამასთან ერთად მართავს სხვა აქტივობებსაც. მაგალითად, ორი გადაუდებელი დახმარების კლინიკა. ერთი არის შეკვეთილში და მეორე უღელტეხილზე ბორითში.

ჩვენ თავის დროზე ეგეთი კლინიკა გავაკეთეთ რისკების შეფასებით, სად იყო ავტოსაგზაო შემთხვევის მაღალი ალბათობები. მთელი საქართველო დავფარეთ. 12 კლინიკა უნდა აგვეშენებინა. ურეკი ავაშენეთ პირველი, გავტესტეთ და მერე იწყება ასეთი რამ:

ბორითში ურეკის კლინიკის კლონია გაკეთებული, ტექნოლოგიურად იგივეა, თოვლგამძლე გადახურვა აქვს. ბოლო დღეები თითქოს გვაცადეს 2011 წლის დეკემბერში იყო, მგონი, და გახსნაზე უკვე რომ ალაგებდნენ შენობას, შევარდა ხარაგაულის მაშინდელი გამგებელი ვიღაც ხალხთან ერთად და ცემა-ტყეპით გამოყარეს, ვინც იქ მუშაობდა. დაბლოკეს ის შენობა. ვითომ, რომ შეექმნათ ანტურაჟი, რაღაც ხდებაო, სასწრაფოს ერთი ბრიგადა გააჩერეს, არც ერთი პაციენტი არ მიუღიათ.

- და ოფიციალურ მიზეზად რა დასახელდა? რატომ შეცვივდნენ საავადმყოფოში?

- არანაირი ოფიციალური მიზეზი არ უხსენებიათ. უბრალოდ, სპეცოპერაცია ჩაატარეს, შეცვივდნენ და გამოყარეს ეს ხალხი. ამან ორი რაღაც გამოიწვია. დანარჩენი სულ 12 გვქონდა გეგმაში, 10-ის მშენებლობა რომ დაგვეწყო და ვერ გაგვეგრძელებინა, საერთოდ აზრი არ ჰქონდა. მთელი 2012 წელი, ნოემბრამდე ბორითის ემერჯენსი იყო გაჩერებული.

არჩევნების მერე ორი თვე მოვუნდით, რომ მოგვეყვანა ჭკუაზე იმათი ნათარეშები და ნოემბერში შევძელით გახსნა.

ამ სიტუაციის შემოქმედი გუნდის წევრი, მით უმეტეს საჩხერის საავადმყოფოზე, რომელსაც ტექნოლოგიურად ანალოგი არ ჰყავს და ვითარდება, ამ ხალხისგან რამეზე ლაპარაკი წარმოუდგენელია.

წარმოუდგენელია, ეს უკვე აღარ არის აი, მე ვთქვი და ახლა თქვენ იმართლეთ თავი. ეს არის, არ ვიცი... საჯარო მოხელე ვარ და ეს არ მაძლევს იმის თქმის უფლებას, რასაც ჩემთვის ვფიქრობ, რა ჰქვია ამ ყველაფერს.

- კობა სუბელიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური ტყუილია?

- ზოგადად, ზომიერი შეფასებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტური და ურცხვი ტყუილია. ოღონდ, ეს ზომიერი შეფასებაა. საჩხერის საავადმყოფოსთან და ზოგადად, ამ სისტემასთან, რომელიც ასეულობით ათას ადამიანს აჩუქა სიცოცხლე, ამასთან მიმართებით ასეთ ნათქვამს სახელი რა ჰქვია, მიტრიალებს თავში, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, საჯარო მოხელის ვალდებულება მიკრძალავს ამის გაჟღერებას.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner