„ჩვენ ველით ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ,,Jackal Stone 2016"- ის წვრთნებში," - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება ,,Jackal Stone 2016"-ის კონტრტერორისტული წვრთნების ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლას.
ორმხრივ წვრთნებში, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გაიმართება, საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
,,ეს წვრთნები დაეხმარება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთობლივი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
,,Jackal Stone 2016"-ის წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 სამხედრო და საჯარო პირი საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს წვრთნები, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას, ხელს შეუწყობს მონაწილეების მომზადებას პარტნიორების შეიარაღებულ ძალებსა და უწყებათაშორის ორგანიზაციებთან ერთად კონტრტერორისტული ოპერაციების განხორციელებისათვის.
საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, საქართველო ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით - თითქმის 900 ქართველი სამხედრო პირი მსახურობს ამერიკელ მებრძოლებთან და სხვა მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად. გარდა ამისა, ქართველ მებრძოლთა ასეული მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში.
,,წვრთნები - „Jackal Stone 2016" კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა.
,,Jackal Stone" არის ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის ერთობლივი სწავლებისა და წვრთნების პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია კონტრტერორისტულ ოპერაციებში მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეთანხმებული სამხედრო მოქმედების ხარისხის ამაღლება.