„იმედი გვაქვს, რომ 7-10 დღეში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება კლება,“ - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოში პიკური მაჩვენებელი იქნებოდა ადრე არსებულ მაქსიმუმზე 3-5-ჯერ მეტი. 18 000-იანი პიკი გადალახული გვაქვს, 24 000-იანი, ანუ ოთხჯერადი ზრდა ასევე გადავლახეთ. შემდეგი მაჩვენებელი, რომელიც ალბათ იქნება, ეს არის 5-ჯერ მეტი, ვიდრე იყო მთელი პანდემიის მიმდინარეობისას - 30 000 ათასი ინფიცირებული დღეში. იმედი გვაქვს, რომ სწორედ 7-10 დღეში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება კლება. ძალიან ხანმოკლეა „ომიკრონით“ გამოწვეული მთლიანი ტალღა - აღმავალი მრუდი, პიკი და შემცირება - ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველ 10 დღეში იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.