„თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ეხმიანება მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებას, შექმნას საარჩევნო გაერთიანება „ქართული ერთობა". მისი თქმით, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მეტად საინტერესო ანალიზი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქვეყნის გადარჩენა „ეროვნული თანხმობის პარლამენტის" ფორმირებაშია. კვირის ბოლოსთვის მზადდება იმ ადამიანების სია, რომლებიც ამ ჯგუფის რეკომენდაციით და ხალხთან დათათბირებით უნდა წარადგინონ პარლამენტში.
„მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ იმ გაერთიანებას, რომელსაც ქვია „ქართული ერთობა". ვფიქრობ ამ ხალხთან ურთიერთობას აქვს დიდი მომავალი. რამდენადაც ვიცი, მათ დღეს დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. 25 ათასი ხელმოწერა აქვთ შესაგროვებელი, რათა გაერთიანება „ქართული ერთობა" დარეგისტრირდეს საპარლამენტო არჩევბნებში. თავად მეცნიერთა ჯგუფი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ისინი ხალხთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მეცნიერებთან დათათბირებით წარმოადგენენ ღირსეული კანდიდატების სიას, ვინც მათი აზრით საქართველოს პარლამენტს ამ ეტაპზე სჭირდება.
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს მიაჩნიათ და მე მათ სრულად ვეთანხმები, რომ დღეს გაცილებით უფრო საინტერესო ხალხია პარტიებს გარეთ, ვიდრე პარტიებში „ეჭვით შევხედოთ მათ, ვინც პარლამენტისკენ გარბის და ფულს ხარჯავს ამისათვის. მაგრამ შევეხვეწოთ, სწორედ რომ შევეხვეწოთ მათ ვინც გვჭირდება პარლამენტში, მაგრამ სურვილი არ აქვს რომ წავიდეს." ასეთია მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივა, მიმაჩნია, რომ დღეს სწორედ ამაშია ქართული ინტერესი - პოლიტიკურ პარტიებს გარეთ მყოფი სერიოზულად მოაზროვნე ადამიანების პოლიტიკურ არენაზე გამოყვანა და შეერთება პოლიტიკურ ძალებთან. თუ ეს არ მოხდა, გაგრძელდება ის, რაც დღემდე ხდებოდა: 25 წელია, საქართველოში არჩევნებით იმარჯვებს პარტიები და პოლიტიკოსები და მარცხდება ხალხი", - აცხადებს „თეთრების" ლიდერი.
მისი თქმით, პარტია „თეთრები" ერთადერთია პოლიტიკურ გაერთიანებათა შორის, ვინც გამოეხმაურა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მოწოდებას და თანამშრომლობს მათთან. მიუხედავად იმისა, რომ მოწვევა ყველა პოლიტიკურ პარტიას დაეგზავნა. თუ ჯგუფის მხრიდან იქნება შემოთავაზება, განიხილავს მათთან თანამშრომლობას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.