„უკრაინის პარლამენტში გაიშალა იმ ქვეყნების დროშები, რომლებიც პირდაპირ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ უკრაინას. საბედნიეროდ, ეს ძლიერი ქვეყნები არიან, უკრაინას ჰყავს ასეთი მეგობრები და ისინი საქართველოს მეგობრებიც არიან,“ - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტებს სურდათ ამის წარმოჩენა, თითქოს საქართველოს დროშა იმიტომ არ გაიშალა, რომ უკრაინის განწყობა საქართველოს მიმართ შეიცვალა, რაც არის ტყუილი.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკებით ცდილობს თითქოსდა დაამტკიცონ, რომ ისინი პატრიოტულ სულისკვეთებაზე დგანან, უფრო მეტად პროდასავლელები და ანტირუსები არიან და ამისთვის იყენებენ ასეთ წვრილმან ტყუილებსაც, როგორიც არის დროშების გაშლა. უკრაინის პარლამენტში გაიშალა იმ ქვეყნების დროშები, რომლებიც პირდაპირ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ უკრაინას. საბედნიეროდ, ეს ძლიერი ქვეყნები არიან, უკრაინას ჰყავს ასეთი მეგობრები და ისინი საქართველოს მეგობრებიც არიან. ოპონენტებს სურდათ ამის წარმოჩენა, თითქოს საქართველოს დროშა იმიტომ არ გაიშალა, რომ უკრაინის განწყობა საქართველოს მიმართ შეიცვალა. ეს არის ტყუილი, როგორც ის, რომ რიტორიკის გამწვავება თითქოსდა ემსახურება დასავლურ ინტერესებს და აზიანებს რუსეთს. სინამდვილეში ეს რიტორიკაც ტყუილია. ყველაფერი პირიქითაა: უკრაინას არ აქვს გამწვავების ინტერესი და თუ შენ გამწვავებას ხელს უწყობ, გამოდის, რომ ხელს უწყობ რუსეთის ინტერესებს. აი, ასეთი მდარე ტყუილებითაც კი ცდილობენ, ეს ინტერესი რაღაცნაირად გააღვივონ“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.