logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება
- +

2 თებერვალი. 2022. 22:18

 

 

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება.

 

„ეს აშშ-ის ერთგულების მძლავრი სიგნალია. ჩვენი ძალების განლაგება თავდაცვითი და პროპორციულია და მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს ყველა მოკავშირის დასაცავად“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

 

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში დამატებით ძალებს მალე გააგზავნის.

 

ჯონ კირბის თქმით, გერმანიაში დისლოცირებულ 1 000 ამერიკელ სამხედროს უახლოეს დღეებში რუმინეთში გადაიყვანენ, ხოლო აშშ-დან ევროპაში კი 2 000 ჯარისკაცს გააგზავნიან, რომლებიც პოლონეთსა და გერმანიაში განლაგდებიან.

 

24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner