logo_geo
eng_logo
კოტე ფირცხალაური: ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი სამხედრო ელიტის წარმომადგენელი იყო
- +

4 აგვისტო. 2016. 18:06


 

როგორც მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის უფროსმა კოტე ფირცხალაურმა აღნიშნა, დედოფლისწყაროში შირაქის ველზე  არქეოლოგიური გათხრების შედგად აღმოჩენილი ნაქალაქარი  ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

 

 

„2011 წელს გუგლის რუკით რეგიონებს ვათვალიერებდით  და ჯერ იქ აღმოვაჩინეთ, რომ შირქის ველზე უძველესი ქალაქები იყო.ის, რასაც ახლა დიდნაურის ნაქალაქარს ვეძახით, უძველესი, შირაქის ველზე გაბნეული პატარა ქალაქების შუაგულშია.

 

ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ იყო დედაქალაქი, დანარჩენები კი მას იცავდნენ. 2014 წლიდან დავიწყეთ არქეოლოგიური კვლევა. მოლოდინმა გაამართლა. მეტიც. დასტურდება, რომ ძალიან მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლთან გვაქვს საქმე.

 

სავარაუდოდ, ეს არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ნაქალაქარი და დღითი დღე თვალში საცემი ხდება მისი გრანდიოზულობა.

 

ქალაქს ძველისძველი, 7 მეტრის სიგანის და კილომეტრ-ნახევარი სიგრძის დამცავი კედელი და თხრილი აქვს გარშემო. განსაკუთრებულია თიხისა და ხეებისგან აგებული კარიბჭე.

 

200 წელს ვვარაუდობთ სამარხებისა და მასალის მიხედვით, რაც ამ ეტაპზე აღმოჩნდა. სამარხები იარუსებად არის ერთმანეთზე განლაგებული, რამდენიმე ფენოვანია.  კვლევების დასრულების შემდეგ, შესაძლოა დადგინდეს, რომ ქალაქი ნავარაუდებზე ძველია და მეტხანს იარსება.

 

ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი სამხედრო ელიტის წარმომადგენელი იყო. ამას მოწმობს მისი აღკაზმულობა, დიადემა შუბლზე.

 

საფლავში ორი იარაღია აღმოჩენილი, მახვილი ჩონჩხის უკან, ზურგთან, რომელსაც შესაძლოა ზურგზე დაკიდებულს ატარებდა.

 

სამეცნიერო ლიტერატურაში ამ იარაღს კახური სატევარი ჰქვია.ცნობილია ძველი წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნიდან, ბრინჯაოს ხანიდან. შესაბამისად, ეს არის ადგილობრივი იარაღი. საინტერესოა, ისრისპირიც, რომელიც მიცვალებულს მუცლის არეში აღმოაჩნდა და იმაზე მეტყველებს, რომ ამ ისრით მოკლეს.

 

ისრისპირი კი არაკავკასიურია, მსგავსი ცნობილია მხოლოდ მცირე აზიისთვის.

 

ძალიან ბევრი რამ დასადგენია. ისიც არ ვიცით, ვინ ცხოვრობდა ამ ადგილზე, რადგან ქართულ წყაროებში არანაირი ცნობები  არ შემორჩენილა და შესძლოა, თუნდაც ამ ტრაგიკული ამბის შესახებ ისევ აზიური წყაროებიდან შევიტყოთ.

 

შესაძლოა დაღუპულის ნეშტი ადგილობრივს ეკუთვნის, მაგრამ საკითხავია, საიდან მოვიდნენ, როდის და როგორ დაფუძნდნენ აქ.

 

არსებობს მოსაზრებები, რომ ხეთური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით გაეშურნენ და დასახლდნენ. უდაბნოში გვაქვს ნაქალაქარი, სადაც აღმოსავლეთიდან მომავალი სწორედ ერთ-ერთი ჯგუფი უნდა დასახლებულიყო.

 

შესაძლოა აქაც მსგავსი რამ ხდებოდეს. არც ის არის გამორიცხული, მოკლულიც და მკვლელიც სხვა მიწიდან მოსულიყვნენ და აქ მოსვლოდათ კონფლიქტი.

 

ამ საქმეში ძალიან ბევრი სახელმწიფო ორგანიზაცია ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დაფინანსება არ გვაქვს, ვფიქრობთ, რომ ამ ძალისხმევის შედეგად კიდევ ბევრ საიდუმლო გამომზიურდება", - განაცხადა მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის უფროსმა კოტე ფირცხალაურმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner