„უკრაინას სააკაშვილი იყენებდა, როგორც ტრანზიტს და საფარს. ჩადიოდა უკრაინის აეროპორტში, როგორც წესი ძმები ყარამანიშვილები ხვდებოდნენ, სადილობდა აეროპორტში და მიდიოდა მოსკოვში. იქიდან ისევ ბრუნდებოდა კიევში, ისევ იყო დახვედრა და მერე მოფრინავდა თბილისში“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციამდე“ სააკაშვილი ხშირ-ხშირად დადიოდა უკრაინაში და ჩამოდიოდა.
„2001 წელს ზურაბ ჟვანია რომ გადადგა და აქციები მიმდინარეობდა, სააკაშვილი თბილისში არ იყო და უკრაინიდან ჩამოვიდა. უკრაინას სააკაშვილი იყენებდა, როგორც ტრანზიტს და საფარს. ჩადიოდა უკრაინის აეროპორტში, როგორც წესი ძმები ყარამანიშვილები ხვდებოდნენ, სადილობდა აეროპორტში და მიდიოდა მოსკოვში. იქიდან ისევ ბრუნდებოდა კიევში, ისევ იყო დახვედრა და მერე მოფრინავდა თბილისში. ადამიანი, ვინც მაშინ აეროპორტში იყო, თავის თვალით ნახა, როგორ ჩამოვიდა მოსკოვიდან, არ გაჩერდა და შემდეგი რეისით ჩამოფრინდა თბილისში. ამ საფარის ქვეშ მოქმედებდა და კონტაქტები იყო ძლიერი. მახსოვს, მისი საუბრები, რომ პრიმაკოვი ამას და ამას იზამს. პრიმაკოვი თბილისელი კაცი იყო, ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველები, ბევრს ეხმარებოდა, მაგრამ როგორც სახელმწიფო მოღვაწისთვის წარმოუდგენელი იყო საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა. ამას პირდაპირ ამბობდა, რომ ეს დაუშვებელი რამეა. მართალია, მის სახლს სასტუმრო „ივერიას“ უწოდებდნენ, რადგან ყველას ეფერებოდა, მაგრამ პირადი ურთიერთობები სხვაა და სახელმწიფო ურთიერთობა სხვა რამეა“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.