logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ამერიკული ძალების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმას, რაც ვლადიმირ პუტინს თავიდანვე ვუთხარი
- +

3 თებერვალი. 2022. 10:46

 

„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაამტკიცა 3 000 ამერიკელი ჯარისკაცის განთავსება პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში, რათა გააძლიეროს NATO-ს ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის საზღვრის გასწვრივ“, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

 

პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ განლაგებაში შედის დაახლოებით 2000 ჯარისკაცი, რომლებიც შეერთებული შტატებიდან პოლონეთსა და გერმანიაში განლაგდებიან. გარდა ამისა, დაახლოებით 1000 ჯარისკაცი, რომელიც ამჟამად იმყოფება გერმანიაში, გადავიდა რუმინეთში.

 

კირბიმ აღნიშნა, რომ ნაბიჯები, რომლებიც განხორციელდება, არ არის მუდმივი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ძალები არ აპირებენ ბრძოლას უკრაინაში.

 

„ევროპაში ამერიკული ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება იყო თანმიმდევრული, სრულად შეესაბამება იმას, რაც  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავიდანვე ვუთხარი. სანამ ის აგრესიულად იქცევა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს ჩვენი მოკავშირეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენ იქ ვართ, ხოლო NATO-ს წესდების მე-5 მუხლი წმინდა ვალდებულებაა“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.

 

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა: „ჯარების დამატებითი გადაადგილება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს სჯერა, პუტინმა გადაწყვიტა შეჭრა უკრაინაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, მაგრამ „თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ცხადია, ამას ექნება შედეგები“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner