logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი ინფლაცია მსოფლიოში არ ყოფილა ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში
- +

3 თებერვალი. 2022. 16:03

 

„ბოლო პერიოდში ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ინფლაციის გამომწვევი მიზეზების შეფასებებს, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან და  ფასების ზრდაც ბუნებრივია მთავრობას ბრალდება“, -  ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ინფლაციასთან დაკავშირებულ საკითხს.

 

ექსპერტი სოციალურ ქსელში დეტალურად აფიქსირებს მის პოზიციასა და ფაქტებითა და სტატისტიკით გამყარებულ არგუმენტებს გვთავაზობს.

 

როგორც ის პოსტში აღნიშნავს, მოცემულობა რაც მსოფლიოს მასშტაბით გვაქვს, პანდემიური შოკის თანამდევ მოვლენას წარმოადგენს.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი ინფლაცია მსოფლიოში არ ყოფილა  ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში, რაც პანდემიური შოკის  თანამდევ მოვლენას წარმოადგენს. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტოა და მსგავსი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ინფლაციის მაქსიმუმი ბოლო 40 წლის განმავლობაში. გერმანიაში ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა. იგივე ეხება ევროზონას, სადაც რეკორდული ინფლაციის მაჩვენებელი ფიქსირდება. იგივე შეიძლება ითქვას თურქეთზეც, სადაც 19 პროცენტი შეადგინა“, -  წერს ცუცქირიძე.

 

გამოქვეყნებულ პოსტში საუბარი შეეხო „ნაციონალურ მოძრაობასაც“.

 

ექსპერტი მათი მმართველობის პერიოდს იხსენებს და მათ პროტესტს უსამართლოდ მიიჩნევს, რადგან სტატისტიკის მიხედვით პროცენტულობა მაშინ ბევრად მაღალი იყო.

 

„ბუნებრივია, ინფლაციის იმპორტი ჩვენზეც აისახა და დეკემბრის 13.9 პროცენტიანი მაჩვენებელიც მაღალია, მაგრამ ისე თვალსაჩინოებისათვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ინფლაციას აპროტესტებს, 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია 14.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის ივნისის ჩათვლით ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა. 2006 წლის ივლისში ინფლაცია 14.5%-ს შეადგენდა, იმავე წლის აგვისტოში 13.4%-ს. მათი მმართველობის 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 6.6% იყო,  ხოლო ბოლო წლებში ოცნების მმართველობისას პანდემიის ეფექტის ჩათვლითაც 2013-2021 წლებში წლიური ინფლაცია საშუალოდ 4.1% იყო“, -  წერს ცუცქირიძე.

 

რაც შეეხება 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელს, ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერზე გავლენა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ მოახდინა. ის ასევე საუბრობს იმპორტირებული საქონლიდან მომდინარე მაღალ ინფლაციაზე და დეტალურად ხსნის მიზეზებს, რამაც მოცემული სიტუაცია შექმნა.

 

„2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე (სურსათის ფასების ინდექსი 2021 წელს საშუალოდ 28%-ით გაიზარდა), ასევე  ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. საერთო ჯამში, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია.

 

შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლო თვეებში როგორც საბაზო, ასევე თვიური ინფლაცია დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. საბაზო ინფლაცია დაახლოებით 6%-ის ფარგლებშია. 2021 წელს ფასების დონის ზრდაში განსაკუთრებით მაღალი წვლილი შეიტანა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებსა და საწვავზე ფასების ზრდამ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე საკვების პროდუქტების და ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. მაგალითად, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების ფასების ზრდამ საშუალოდ 28.3% შეადგინა, ხოლო საქართველოში 10.9%.

 

ამასთან, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასების ზრდა 2011 წელთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, ხოლო საქართველოში პირიქით ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე 2011 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო 2021 წელს.  მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაა. პროდუქტების დონეზე 2021 წლის ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანეს ბენზინის,  მზესუმზირის ზეთის, ხორბლის პურის, კვერცხის, სისხლძარღვთა გამათხელებელი მედიკამენტების  და შაქრის ფასების ზრდამ. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2020-2021 წლის ზამთრის თვეებში მიმდინარეობდა კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა, შესაბამისად აღნიშნული ზრდის მიმართულებით გავლენას ახდენს წლიურ ინფლაციაზე, რამდენადაც კომუნალური ტარიფები შედარებულია წინა წლის სუბსიდირებულ ტარიფებთან, რაც ასევე იწვევს ტარიფების ზრდის და ინფლაციის შედარებით მაღალ მაჩვენებელს. აღნიშნული ფაქტორის წვლილი 2021 წლის დეკემბრის ინფლაციაში დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი იყო“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

პოსტში საუბარია პროგნოზებზეც. ცუცქირიძის თქმით, გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და არსებული მონაცემებით 2022 წლის ბოლოსთვის მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება.

 

„არსებული პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, ფისკალური კონსოლიდაცია და მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკაც ინფლაციის შემცირების ხელშემწყობია. 2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 9.3 პროცენტიდან შემცირდა 6.2 პროცენტამდე, ხოლო 2022 წელს დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის 4.4 პროცენტამდე შემცირება. შესაბამისად, ფისკალური პოლიტიკის მხრიდან ფასების ზრდაზე ზეწოლა მნიშვნელოვნად იხსნება. ქმედითი ნაბიჯები იდგმება ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მხრიდან ეროვნული საექსპორტო და იმპორტ-ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარების მიმართულებით, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ჩვენი ქვეყნის იმპორტ დამოკიდებულებას ინდუსტრიული თუ სასურსათო პროდუქციის ნაწილში და შედეგად, ნაკლებად ვიგრძნობთ საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებას. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით ადგილობრივი წარმოების გაფართოებასა და მიწოდების სტიმულირებას. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლებში მოხდა ბიზნესის მხარდამჭერი ახალი პროგრამების ამოქმედება და ასევე ძველი პროგრამების მოდიფიცირება ახალი გამოწვევების საპასუხოდ. მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტის დაკომპენსირებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიზნობრივ ჯგუფებს - მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner