აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სირიაში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების სპეცოპერაციის დროს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშიმ თავი აიფეთქა.
„ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ჩვენი ძალები ტერორისტის დაჭერას აპირებდნენ, მისი სასოწარკვეთილი სიმხდალის ბოლო ქმედება საკუთარი თავის აფეთქება იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მიერ თავის აფეთქებას მისი ოჯახის რამდენიმე წევრი ემსხვერპლა.
„ჩვენი ძალების სიმამაცის წყალობით, ტერორისტული დაჯგუფების ეს საშინელი ლიდერი უკვე აღარ არის ცოცხალი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში გაანადგურეს.