„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან, სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და არქიტექტორთა ჯგუფთან ერთად დაბა აბასთუმანს სამუშაო ვიზიტით ეწვია“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო იმ რამდენიმე ადგილის მონახულება, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით კერძო ინვესტორებს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის საბჭოსთვის განსახილველად წარმოდგენილი აქვთ სამშენებლო პროექტები და საბჭოს აქვს გარკვეული შენიშვნები მოცემულ პროექტებთან დაკავშირებით.
კულტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო სიტუაციას, დაათვალიერა სამი ობიექტი, რომელთაგან ორზე კერძო ინვესტორებს დაგეგმილი აქვთ სასტუმროების მშენებლობა, ხოლო მესამე არის ე.წ. სამეფო აბანო, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროფესიონალებთან და თავად ინვესტორების წარმომადგენლებთან ერთად თეა წულუკიანმა იმსჯელა იმაზე, თუ როგორ უნდა დაკორექტირდეს სამშენებლო პროექტები იმგვარად, რომ არ დაირღვეს აბასთუმნის იერსახე, შენარჩუნდეს კურორტის უნიკალური თვისებები და ტურისტული პოტენციალი და ამავდროულად, არ დაზარალდეს კერძო ინვესტორის ინტერესები.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იყო, ვინაიდან შესაბამისი დარგის სპეციალისტების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და თავად ინვესტორების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე მრავალნაირი განსხვავებული აზრი გამოითქვა და პირველი ეტაპის პოზიციები შეჯერდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ყოველთვის შეძლებს, მსგავს შემთხვევებში, დაიცვას ბალანსი კურორტის განვითარების პრიორიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრიორიტეტს შორის.