logo_geo
eng_logo
სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა
- +

4 თებერვალი. 2022. 17:18

 

 

სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა.

 

კულტურის სამინისტროს ცნობით, ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა.

 

27 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა.

 

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არც ერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა.

 

სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არც ერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

 

რაც შეეხება სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.

 

კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში (რაც სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარმოსადგენად). რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი.

 

შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner