საქართველოს მომავალ წევრობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ასპირანტმა და ალიანსის წევრებმა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ მიიღება ავტომატურად, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.
„გადაწყვეტილება არის პროცესის ნაწილი და ახლა საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ვმუშაობთ. რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ ახლოს მივიდეთ ამ შესაძლებლობასთან? ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობა არაჩვეულებრივად მიმდინარეობს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არის შესანიშნავი, აქტიურად ვმუშაობთ თავსებადობაზე და ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან კარგად. გარდა ამისა, არის რეფორმები. ჩვენ გვჯერა, რომ სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელია რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების, საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით. 2021 წელი არ იყო ამ კუთხით ძალიან კარგი წელი, ვინაიდან პოლიტიკური პოლარიზაცია ამ პროცესს ვერ დაეხმარა. ჩვენ ქართველ კოლეგებთან საუბრისას ვამბობთ, რომ ვაგრძელებთ რეფორმებს და როდესაც ყველა ვიქნებით მზად, მაშინ დავსხდებით და ვნახავთ წევრი ქვეყნების მზადყოფნას გადაწყვეტილების მისაღებად“, - აცხადებს ხავიერ კოლომინა.