სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსთან ნატოს ურთიერთობა არის შესანიშნავი და არაჩვეულებრივი, ხოლო ალიანსის წევრები ერთხმად ამბობენ, რომ პატივს სცემენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე.
მისივე თქმით, ღია კარის პოლიტიკა ნატოს ფუნდამენტური პრინციპია და ამ პოლიტიკამ და გაფართოების მიმართ ალიანსის ერთგულებამ ორგანიზაციას ძალიან ბევრი წარმატება მოუტანა. კოლომინას განცხადებით, ამიტომაც მუშაობს ასპირანტებთან ალიანსი ასე აქტიურად.
„გასული წლის ივნისში ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლითაც ასპირანტებთან ურთიერთობები გაძლიერდა. საქართველოსთან ნატოს ურთიერთობა არის შესანიშნავი. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პაკეტი , რომელიც მოიცავს თანამშრომლობის გასაძლიერებელ ინსტრუმენტებს. მაგიდაზეა ყველაფერი, მიმდინარეობს იმპლემენტაცია და საქართველო ნატოს მხარდაჭერით სარგებლობს. ნატოს წევრები ერთხმად ამბობენ, რომ პატივს სცემენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ყველა სამიტის დეკლარაცია იმეორებს. როგორც მომავალ გაწევრიანებაზე, ასევე ღია კარის პოლიტიკაზე ორგანიზაციის პასუხი ძალიან მკაფიო და ნათელია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთს ბრიუსელში შეხვედრაზე მოუწოდა სამხედრო ნაწილების გაყვანისკენ ყველა ქვეყნიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან“, - აცხადებს ხავიერ კოლომინა.