logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგმა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას „დიდი წარმატების ისტორია“ უწოდა
- +

5 თებერვალი. 2022. 00:49

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღმოსავლეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოებას „დიდი წარმატების ისტორია“ უწოდა. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებამ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას შეუწყო ხელი. ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მოსკოვი და პეკინი ნატოს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.

„ეს საკითხი პირველ რიგში ეხება არა ნატოს გაფართოებას, არამედ თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, შეუერთდეს თუ არა ნატოს. ალიანსი პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ნატოს არასდროს შეუყვანია ძალით რომელიმე ქვეყანა თავის რიგებში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალიანსს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეუერთდნენ. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ნატოს წევრთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ასე რომ, ამ პროცესმა ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას შეუწყო ხელი“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა საერთაშორისო ურთიერთობებზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მხარეები აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან ცალკე სახელმწიფოების მიერ სხვა ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით დემოკრატიის ცნების გამოყენებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი გაგებით ეკიდება და მხარს უჭერს რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების ჩამოყალიბებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner