„რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულმა კომიტეტმა კონგრესმენები ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის კრიტიკისა და 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო კომიტეტში მონაწილეობის გამო ოფიციალურად გაკიცხა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო კომიტეტში მონაწილეობით „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი ლეგიტიმურ პოლიტიკურ დისკურსში ჩართული რიგითი მოქალაქეების დევნაში მონაწილეობენ.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ორივე კონგრესმენის, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების ნებისმიერ მხარდაჭერას მათი ქცევის გამო, რომელიც დესტრუქციული იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ინსტიტუტისთვის, „რესპუბლიკური პარტიისა“ და ამერიკის რესპუბლიკისთვის და არ შეესაბამება „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის პოზიციას.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დონალდ ტრამპის მოსვლამდე ვიყავი. ჩემი ღირებულებები ურყევია. მე ვარ კონსერვატორი, რომელსაც სჯერა ჭეშმარიტების, თავისუფლებისა და შეერთებული შტატების კონსტიტუციის დაცვის“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
2021 წლის 1-ელ ივლისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სპეციალური კომიტეტი შეიქმნა, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებს.