logo_geo
eng_logo
საკონკურსო კომისიებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეარჩიეს
- +

5 თებერვალი. 2022. 02:33

 

 

საკონკურსო კომისიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების თანამდებობებზე კანდიდატები შეარჩია, მათი კანდიდატურები პრემიერ-მინისტრს წარედგინება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელად წარდგენილი იქნება კახა მაღრაძის, ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად - ელენე ალავერდაშვილის, ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები.

კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს თითოეულ პოსტზე ორ-ორი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს.

კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა.

საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს.

საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან:

• მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

• ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

• გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

• ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;

• გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემთხვევაში, ამ შემადგენლობას ემატება ააიპ - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი.

2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფას მხარი დაუჭირა. ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

პრემიერის შესაბამისი ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner