მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელი ფრანკ ულრიხ მონტგომერი 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოთხოვნა 2023 წლის ბოლომდე უნდა მოქმედებდეს.
„18 წლის ასაკიდან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა უახლოესი ორი წლის განმავლობაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მგონია“, - განაცხადა მონტგომერიმ.
ამჟამად გერმანიის პარლამენტში დარეგისტრირებულია მმართველი კოალიციის მიერ შემუშავებული შესაბამისი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე 18 წელს მიღწეული ყველა პირი აუცილებლად უნდა აიცრას და ეს მოთხოვნა ქვეყანაში 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოქმედებდეს. კანონპროექტის თანახმად, ყველამ, ვინც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება, სამი აცრა უნდა გაიკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმის გადახდა მოუწევს. სავარაუდოდ, კანონპროექტს გერმანიის პარლამენტი კენჭს მარტში უყრის. ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა და მოხუცებულთა თავშესაფრის პერსონალისთვის.