ამ ლათინური ტერმინის ხსენება წესიერ ადამიანებში უხერხულობის გრძნობას იწვევს. უცნაური არაფერია, რადგან კონფორმიზმი რომელიმე პიროვნებისადმი, პოლიტიკური ძალისადმი შეგუებას, უკრიტიკო დამოკიდებულებას, საბოლოოდ, ამ ძალისადმი ნებაყოფლობით სამსახურს ნიშნავს.
უხერხულობის და სირცხვილის შეგრძნება კი ოდესღაც საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მოქმედებით არის გამოწვეული.
არსებობენ აქტიური და პასიური კონფორმიტები. აქტიურია, ვინც აშკარად იცავს და ემსახურება დროებით გაბატონებულ ანტისაზოგადოებრივ, ანტისახელმწიფოებრივ ან დანაშაულებრივ ძალას. პასიურია, ვინც ფორმალურად არ ემსახურება, მაგრამ თავისი უმოქმედობით ეხმარება და აქეზებს მას.
დიდი კონფორმისტი
1838 წლის 17 მაისს პარიზში, 84 წლისა გარდაიცვალა მსოფლიო დიპლომატიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ოდესღაც საეკლესიო მოღვაწე (ეპისკოპოსი), მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრწყინვალე ორატორი, თვით ნაპოლეონ ბონაპარტეს წარმატებათა სულისჩამდგმელი და იმპერატორის პირველი მრჩეველი, საოცრად გაონებამახვილი და ენაკვიმატი ადამიანი. კაცი, ვისი შიშითაც თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში ძრწოდა მაშინდელი განათლებული მსოფლიო.
იგი საკუთარ (და არა საფრანგეთის იმპერიის ან საფრანგეთის რესპუბლიკის) ნებას კარნახობდა მეფეებსა და იმპერატორებს, სულთნებს და ყაენებს; თავისივე ირონიული განცხადებით, სხვადასხვა დროს თოთხმეტი ხელისუფლების წინაშე დადო ერთგულების ფიცი და თოთხმეტჯერვე გატეხა იგი; ვინც ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი თვალთმაქცი, მექრთამე და ადამიანთა გონებისთვის მიუწვდომელი ინტრიგების დიდოსტატი.
მან ვატერლოომდე შვიდი წლით ადრე განჭვრიტა გენიალური ნაპოლეონის გარდაუვალი კრახი და საფრანგეთის მტრებთან საიდუმლო ძაფები გააბა. მას შესანიშნავად იცნობდნენ თანამედროვეები, მაგრამ მაინც საკუთარი ნებით ებმებოდნენ მის მახეში, საკუთარი ხელით უძღვნიდნენ მრავალმილიონიან ქრთამებს; არ ენდობოდნენ, მაგრამ მაინც ყველაფერს უჯერებდნენ.
ღარიბი არისტოკრატის ოჯახში დაბადებული და ფუფუნებაში გარდაცვლილი ამ კაცის სახელია შარლ მორის ტალეირან-პერიგორი.
ტალეირანი იყო უდიდესი კონფორმისტი კაცობრიობის ისტორიაში.
სხვათა შორის, მასვე ეკუთვნის მთელ მსოფლიოში ანდაზად ქცეული გამოთქმა - ადამიანს ენა იმისთვის აქვს, რომ საკუთარი აზრები დამალოს;
პოლიტიკოსები, ყოველ შემთხვევაში, ის ადამიანები, საკუთარ თავს პოლიტიკოსებად რომ მიიჩნევენ, დღესაც აღმერთებენ ტალეირანს, ოცნებობენ ტალეირანობაზე.
ფიურერის აჩრდილი
1993 წელს, ბერლინის ევროპული აკადემიის თანამშრომელმა, დოქტორმა მიხაელ ვებერმა კავკასიელ ჟურნალისტებთან საუბარში გულწრფელად და სინანულით განაცხადა, გერმანელ ერს ფაშიზმის ეპოქაში ჩადენილი დანაშაულებისთვის კაცობრიობის წინაშე კიდევ დიდხანს მოუწევს მობოდიშებაო.
დაუკვირდით: გერმანელმა დოქტორმა, გერმანიის და გერმანულის წრფელმა გულშემატკივარმა სწორედაც გერმანული ერის დანაშაული ახსენა და არა „ფაშისტთა ხროვისა".
დოქტორმა ვებერმა, ალბათ, გადააჭარბა, მაგრამ მის ნათქვამში არის მწარე სიმართლე - იმ „ხროვას" ზურგს უმაგრებდნენ მრავალმილიონიანი ნაციონალ-სოციალისტური პარტია, ჰიტლერიუგენდი, სამეცნიერო წრეები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები, ქალთა ორგანიზაციები, უზარმაზარი არმია და არანაკლებ უზარმაზარი საიდუმლო სამსახურები.
ყველა ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად ამზადებდნენ და სჩადიოდნენ მანამდე უცნობი მასშტაბების საზარელ დანაშაულს, ზოგადად, ადამიანობის წინააღმდეგ. ისინი, ყველა, იყვნენ გერმანელები და იყვნენ კონფორმისტები.
ბატონი ვებერი სწორედ ამას გულისხმობდა.
დღეს გერმანული ერის დანაშაულზე არავინ საუბრობს და არავინ არავის არაფერს არ აყვედრის, მაგრამ გულისგულში ყველამ კარგად იცის, რომ გერმანული ფაშიზმის დანაშაული ისევე უკვდავია, როგორც თვით გერმანელი ერი.
იტალიელი თუ ბერძენი ფაშისტები, რუსი თუ ქართველი რევოლუციონერი ბოლშევიკები, რომლებმაც ლამის სისხლში ჩაახრჩვეს საკუთარი ქვეყნების მოსახლეობა, უმთავრესად, იყვნენ კონფრომისტები და არა აკვიატებული იდეით შეპყრობილი ადამიანები. ისინი აღმერთებდნენ ძალმომრეობას. ისინი ტკბებოდნენ საკუთარი ეფემერული უპირატესობით და მოხვეჭის შესაძლებლობით. ისინი უარს ამბობდნენ უმთავრესზე, რითაც ადამიანი განსხვავება ცხოველთა სამყაროსგან - სინდისზე.
ნაცისტებს, ბოლშევიკებს, მათ ყოფილ და ახლანდელ დიდ-პატარა ფიურერებს მთელ მსოფლიოში დღესაც უამრავი მაღმერთებელი ჰყავს, მათ შორის, საქართველოშიც.
ისინი კონფორმისტები არიან. მათ არა აქვთ სინდისი და არა აქვთ გონება (განსჯის უნარი). რადგან მათი სინდისი არის ფიურერი და მათ ნაცვლად ფიქრობს ფიურერი.
გერმანელმა ერმა საკუთარ თავში დიდი ხნის წინათ იპოვა ძალა კონფორმიზმის დასამარცხებლად. პატიოსანი დოქტორი ვებერის აღსარება ამის ნათელი დასტურია. სამწუხაროდ, დიდი გერმანეელი ერი ჩვენ მაგალითად და ნუგეშად არ გამოგვადგება. დიდი ერი იმიტომაც არის დიდი, რომ მას, თუნდაც უზარმაზარი მსხვერპლის ფასად, დიდი შეცდომების გამოსწორება შეუძლია. ჩვენნაირ პატარა ერს კი (მოსახლეობას ვგულისხმობ), მართალია, დიდი შეცდომების ჩადენა შეუძლია, მაგრამ მის გამოსასწორებლად იქნებ ძალა და რესურსები აღარასოდეს ეყოს.
XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ხალხის წინაშე ამგვარი საფრთხე მთელი სიგრძე-სიგანით დგას.
მასობრივი კონფორმიზმის სათავე უნებისყოფობასთან, ფიურერიზმთან ერთად სოციალური უთანასწორობა და სიდუხჭირე უნდა იყოს. ჩვენ, დღევანდელი საქართველოს მოსახლეობას, ყველაფერი ეს მოჭარბებულად გვაქვს: უსამართლობა, ეკონომიკური კრახი, უიმედობა და ფიურერიზმი. თუმცა, ალბათ, ტრადიციული ქართული ტერმინი აჯობებს - ბელადომანია.
მაღალი სახელისუფლებო კაბინეტებიდან ამის დანახვა, ეტყობა, ძალიან ჭირს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ჭირს იმის განჭვრეტა, რომ შვილების თაობას საკუთარი ხალხის წინაშე უთუოდ მოუწევს მობოდიშება მამების დანაშაულის გამო. მობოდიშება მოგვიწევს სეირის მაყურებელ უმრავლესობასაც, ვინც მდუმარე თანხმობით საკუთარი ხელით ვკვებავთ დაუნდობელ და სისხლისმსმელ ურჩხულს - კონფორმიზმს.
მაგრამ მანამდე ჯოჯოხეთის ცხრავე გარსის გავლა მოგვიწევს და ჩვენი შთამომავლობიდან კაცობრიობის წინაშე მომბოდიშებელი იქნებ ბევრიც ვეღარავინ წარსდგეს - კონფორმიზმი ვარდის კი არა, სისხლის სუნზეა დაგეშილი.
მსხვერპლი
გონებით ვიცი, რომ ომებისა და რევოლუციების ფონზე კონფორმისტთა დასტების გამოჩენა კანონზომიერი მოვლენაა, მაგრამ ძალიან მოკლე ხანში ადამიანების სრული მეტამორფოზა მაინც მაოცებს.
მოდი და, ნუ გაოცდები ბევრი გუშინდელი დემოკრატის სახეცვლილებით - ეს ადამიანები დღეს იბრძვიან გუშინ საჯაროდ დაკლარირებული საკუთარი იდეალების წინაღმდეგ!
გიგა ბოკერია ნიჭიერი და განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა და ახდენს. ასეთების გადაბირება და მტკიცე სახელისუფლებო ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებლად მეჩვენებოდა. სხვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ პირადად გიგა ბოკერია, ყოვლისშემძლე კონფორმიზმის ერთ-ერთი ყველაზე დასანანი მსხვერპლია. იგი უკვე ძალიან ხშირად კისრულობს უბრალო ჭეშმარიტებების თავდაყირა წარმოდგენას. იძულებულია, საკუთარი სიმართლე სხვისი შეცდომებით ან, თუნდაც, ოდესღაც ჩადენილი დანაშაულით გაამართლოს; იძულებულია, ითვალთმაქცოს, უადგილოდ იმახვილსიტყვაოს, იცრუოს კიდეც, რომ როგორმე გუშინდელი თანამოაზრეების თვალში ისევ იმ ომახიან, დემოკრატიზმის პრინციპებისთვის თავდადებულ „თავისუფლების ინსტიტუტელ" კარგ ბიჭად დარჩეს.
არ გამოსდის. „გაპოლიტიკოსებული" გუშინდელი კარგი ბიჭი დღეს საკუთარს კი არა, პრეზიდენტის აზრს „ახმოვანებს" (ახალი ქართული საპარლამენტო ტერმინია) პრეზიდენტისვე არგუმენტაციით, თანაც, სიტყვასიტყვით იმეორებს მის ნათქვამს.
დემოკრატიის პრინციპებისთვის მებრძოლი გიგა ბოკერია, წინა პარლამენტის მთავარ იდეოლოგს, ვიტალი ხაზარაძეს რომ დაემსგავსა, ძალიან საწყენი, მაგრამ სავსებით კანონზომიერია. იმ განსხვავებით, რომ ბატონი ხაზარაძე არც აგრესიული ყოფილა, არც „დაუკრეფავში" გადასვლა სჩვეოდა.
საკუთარი იდეალები თბილისის მერმა ჭიაბერაშვილმაც სასწრაფოდ დათმო, მაგრამ ამ ფიგურისადმი რაიმე პრეტენზიები, ალბათ, არ უნდა გვქონდეს. იგი, სხვა მრავლის მსგავსად, დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თანამდებობაზე შემთხვევითი და დროებითი კაცია. ისევე, როგორც მინისტრების, გუბერნატორების, გამგებლების, დეპუტატების უმრავლესობა. თუმცა, მათი თანამდებობებზე ყოფნა ძალიან საშიშია, რადგან საკუთარი თავი პრეზიდენტს უბოძეს, ხოლო დამოუკიდებლად აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების სურვილი და შესაძლებლობა არც ჰქონიათ.
ისინი შინაგანად ყოველთვის იყვნენ კონფორმისტები. თანამდებობებზე მისვლით, უბრალოდ, „გააფორმეს" საკუთარი მდგომარეობა.
თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის, ტიპის ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ არიან კონფორმისტები და იმიტომ არიან საშიში საზოგადოებისთვის, რომ პირველი მინიშნებისთანავე დათმეს საკუთარი ღირსება - ერთადერთი, რითაც საზოგადოების წინაშე თავის მოწონება შეეძლოთ.
მშობლიური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი ჩემი უდიდესი და გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ კონფორმისტია ყველა ის პროფესორ-მასწავლებელი, ვინც ხმა მისცა რექტაორის პოსტზე პრეზიდენტის პროტეჟე ქალბატონ რუსუდან ლოთქიფანიძის არჩევას. ამით მათ დაამტკიცეს, რომ, თურმე, უსაფუძვლო არ ყოფილა ბინძური ჭორები ამ ყველაზე საპატივცემო უმაღლეს სასწავლებელში არსებული მაქინაციების შესახებ. სხვანაირად „დიდი საბჭოს" წევრთა უმრავლესობის საქციელის ახსნა ძალიან გაძნელდება, რადგან მაღალინტელექტუალური ადამიანები, როგორც წესი, საკუთარ პრინციპებს ასე იოლად ვერ თმობენ. მათი იძულება მხოლოდ ერთი ხერხით შეიძლება - დისკრედიტაციის მუქარით.
ბოდიშს ვიხდი, ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძის წინაშე. მე არ ვიცნობ მის მოღვაწეობას. სავსებით შესაძლებელია, იგი მართლაც საუკეთესო რექტორი იყოს, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის - დედა-უნივერსიტეტის „დიდი საბჭოს" დიდმა უმრავლესობამ საკუთარ პრინციპებზე უარის თქმით საკუთარ თავს მჭევრმეტყველური განაჩენი გამოუტანა - შემოგვხედეთ, ჩვენ კონფორმისტები ვართ!
თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის კატასტროფა. კატასტროფა იქნება, როცა კონფორმიზმი მართლმსაჯულებას შეჭამს.
ეს პროცესი უკვე დაიწყო და იგი სასამართლო სისტემის რეორგანიზაციის ნიღბით მიმდინარეობს.
ბოლო პერიოდში სასამართლო რომ ფარსად იქცა, ამას არავინ უარყოფს. უფრო სწორად, ვერავინ ვერ უარყოფს. ამიტომ, ამ თემაზე შეკითხვებს „კომპეტენტური" ნომენკლატურა ქედმაღლური ღიმილით იგერიებს. არ ვლაპარაკობ, ვთქვათ, ტარიელ ზამბახიძისნაირი მოსამართლეების კონფორმისტობაზე. უარესი უნდა ვთქვა.
უკვე გადადგა უზენაესი სასამართლოს, თუ არ ვცდები, რვა მოსამართლე. საქმე ის არის, რომ პარლამენტმა მიიღო დროებითი კანონი (მოქმედებს 2005 წლის 31 დეკემბრამდე), რომლის ძალითაც, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგება თანამდებობიდან, პენსიად დაენიშნება დღევანდელი ხელფასი სრული ოდენობით, ანუ 1600 ლარი!
ჯერჯერობით გამოჩნდა რვა მოსამართლე, ვინც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირისგან წამოსული ულტიმატუმი მიიღო. არ გეგონოთ, რომ მათ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, არა, ისინი ბრძანდებიან უპრინციპო ადამიანები, რომლებიც ყოველთვიური 1600 გარანტირებული ლარისა და კიდევ საკუთარ სინდისთან ადრე დადებული გარიგების გამო, ქვეყნის სამსახურს თავი აარიდეს. ამ ადამიანებმა - კონფორმისტმა მოსამართლეებმა - საბოლოოდ და საკუთარი ხელით დაასამარეს ოცნება ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაზე.
ჩვენს შთამომავლობას ოდესმე ამ მოსამართლეების ტრაგიკული უპრინციპობის გამოც მოუწევს ბოდიშის მოხდა.
მართალია, ქართულ კონფორმიზმს ახასიათებს ყველა ის თვისება, რაც, ზოგადად, დამახასიათებელია კონფორმიზმისთვის, მაგრამ არსებობს ერთი გამორჩეული ნიშანი - ქართული კონფორმიზმის უკიდურესი სიახალგაზრდავე. ეს იქნებ კარგიც იყოს - ახალგაზრდობას ბუნებრივად ეძლევა დრო ცხოვრებაზე დასაფიქრებლად და შეცდომების გამოსაწორებლად, საკუთარი კონფორმისტული მიდრეკილებების დასანახად მაინც.
წარმოვიდგინოთ ასეთი სურათიც: სამიოდე წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, თვალცრემლიანი მამები საჯაროდ იხდიან ბოდიშს საკუთარი აწ უკვე ყოფილი თანამდებობის პირი შვილების მიერ ჩადენილი შეცდომებისა თუ დანაშაულების გამო!
იმის თქმა მინდა, რომ ქართულმა „რევოლუციურმა" ხელისუფლებამ თანამდებობებზე (მინისტრები და მათი მოადგილეები, დეპარტამენტის და სამმართველოების უფროსები, მერები, გამგებლები და მათი მოადგილეები და ა.შ.) რევოლუციის წინაშე გამოგონილი დამსახურების, ახლო და შორეული ნაცნობ-მეგობრობის, ვიღაცის ჯინაზე ან, საერთოდ, გაუგებარი მიზეზის გამო, ახალგაზრდობის დანიშვნით მინიმუმ ორი ძალიან ცუდი საქმე გააკეთა: - გარყვნა, კონფორმისტებად აქცია უამრავი ახალგაზრდა (თან უკან დასახევი გზაც არ დაუტოვა!) და მეორე - მამებისა და შვილების თაობები ხელოვნურად და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა ერთმანეთს.
ბევრს მოუწევს მონანიება.
რა თქმა უნდა, საუბარია სიმბოლურ მონანიებაზე, თორემ აკაკისეული ჰაჯი უსუბის ხვედრისთვის თვით თეა თუთბერიძის გამზრდელიც კი არ მემატება...
უძველესი და მარად ახალი
კონფორმიზმი თვით კაცობრიობასავით ძველია და ძალიან ჰგავს ცხოველების ცხოველებზე სანადიროდ დაგეშვის ხელოვნებას. ძნელი სათქმელია, საიდან მოდიან და ვინ იყვნენ პირველი კონფორმისტები.
ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით, კონფორმიზმზე და კონფორმისტებზე საუბრისას ერთხელაც არ მიხსენებია პრეზიდენტი სააკაშვილი. პრეზიდენტი სააკაშვილი თვითონ კი არ არის კონფორმისტი, არამედ მას აუცილებლად სჭირდება კონფორმისტები ძალაუფლების შესანარჩუნებლად. იგი, ბუნებრივია, ეძებს და ძალიან იოლად პოულობს ენთუზიასტ-კონფორმისტთა ლეგიონებს. პრეზიდენტმა შესანიშნავად იცის ხალხის ბრბოდ გადაქცევის, ბრბოს მართვის, მისი კონფორმისტების ხროვად გარდაქმნისა და ხელისუფლების სამსახურში ჩაყენების ტექნოლოგიები. პრეზიდენტმა ისიც შესანიშნავად იცის, რომ კონფორმისტთა ერთსა და იმავე ჯგუფზე დაყრდნობა ძალიან სახიფათოა - გუშინდელის ადგილი დღეს ახალგამომცხვარმა „სახემ" (ესეც ახალი ქართული საპარლამენტო ტერმინია) უნდა დაიკავოს. ამიტომ იგი იძულებულია ერთმანეთის მიყოლებით მოიშოროს და გაწიროს ყავლგასული „ერთგულები". ასეც აკეთებს.
თავად კონფორმისტებმა იციან, რომ კონფორმიზმი თავის თავში თვითგანადგურების მექანიზმსაც შეიცავს და, საბოლოოდ, ყველა კონფორმისტის მოღვაწეობა და ცხოვრება ტრაგედიით მთავრდება.
ამიტომ, კონფორმისტებს სძულთ ოპონენტებიც და თანამოაზრეებიც. მათ ქმედებას (ცინიზმი, დაუნდობლობა, სისასტიკე) განსაზღვრავს მათივე ბუნება: ამპარტავნობა, შური, სიზარმაცე, მუცელღმერთობა, უგუნურება და ლაჩრობა.
კონფორმისტებს უჭირთ დაჯერება, რომ ძალაუფლება სწრაფ წარმავალი ცდუნაბაა და ამქვეყნად მასზე გაცილებით ძვირფასი ღირებულებები არსებობს. ამიტომ ცდილობენ როგორმე დატკბნენ ტალეირანის ცხოვრებით, მისი მოღვაწეობა იდეალად დაისახონ და ტალეირანობაზე იოცნებონ.
კონფორმისტებს კატეგორიულად არ სურთ იცოდნენ, რომ ტალეირანობისთვის ძალზე მცირეა დიდი სურვილი, დიპლომატიის ისტორიის, დახვეწილი კულუარული ინტრიგების და საკუთარი უვიცობის შენიღბვის ხელოვნების ცოდნა; ძალზე მცირეა ყველაფერი ერთადაც კი, რადგან ტალეირანი რომ გახდე, უნდა გქონდეს, სულ მცირე, ჟოზეფ ფუშეს გონებრივი შესაძლებლობები, ცხოვრობდე დიდ და ძლიერ ქვეყანაში და... მეცხრამეტე საუკუნეში მაინც...
თეიმურაზ ქორიძე
საქართველოს რესპუბლიკა, 06. 07. 2005 წელი.