logo_geo
eng_logo
საზარბაზნე ხორცი (გაგრძელება)
- +

6 თებერვალი. 2022. 12:30

 

 

აშკარაა, რომ გარკვეული გავლენიანი ძალები ცდილობენ, საქართველოში პოლიტიკურ რყევებს, დესტრუქციას, დესტაბილიზაციას მუდმივი სახე ჰქონდეს. მათთვის, ვინც პოლიტიკურ პროცესებს შორიდან აკვირდება, ვაკონკრეტებ - რასაკვირველია, „გავლენიან ძალებში“ ნაცსექტასა და მის სხვადასხვა ჯურის სატელიტებს არ ვგულისხმობ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები არიან იმ დიდ პოლიტიკურ თამაშებში, რომლის მიმდინარე ფაზაც, ჩვენი ქვეყნისთვის,  დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ხშირად ისე ყოფილა, „მეორეხარისხოვნებს“ ინსტრუმენტის, ანუ უსულო საგნის ფუნქციაც შეუსრულებიათ. დაახლოებით ეს დატვირთვა აქვს დღეს ოდესღაც „პრეზიდენტის“ როლზე გამწესებულ მიხეილ სააკაშვილს.   

 

დიდ პოლიტიკურ თამაშებში მინიმუმ ორი მხარე მაინც არის ხოლმე ჩართული. თანამედროვე მსოფლიოში თამაშის მიზანს შამათის ჩასმა არ წარმოადგენს, რადგან ამის მიღწევა, უბრალოდ, შეუძლებელია. პოლიტიკური ჭადრაკის შინაარსი, მთლიანად, გავლენებისთვის ბრძოლას გულისხმობს და მუდმივი და უწყვეტი პროცესია - დაუსრულებელი ცივი ომი. „ჭადრაკის დაფის“ გარკვეულ სეგმენტებში ცხელი კერების წარმოქმნაც თამაშის ნაწილია, მთავარი ისაა, რომ ამ დროს ძირითადი მოთამაშეების კონტაქტი მთლიანად უნდა გამოირიცხებოდეს, რადგან დიდი საფრთხის შემცველია - გამანადგურებელი საფრთხის.

 

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და ნაწილობრივ ევროკავშირი არიან ის მთავარი სუბიექტები, ვინც, ხან პირდაპირი, ხანაც ირიბი ჩართულობით, განსაზღვრავენ მოვლენათა განვითარებას დედამიწის ყველა წერტილში. ძირითადი მოთამაშეების უშუალო კონტაქტის გამორიცხვა მოითხოვს მოზომილ მანევრებს. კიდევ გავიმეორებ, აქ „შეცდომები“ გამორიცხულია.

 

საქართველოს როლი მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობითაა განპირობებული. იმაზე ტვინის ჭყლეტა, გაგვიმართლა თუ არ გაგვიმართლა, განგებამ რუსეთის მეზობლობა რომ გვარგუნა, დროის ფუჭი კარგვაა. ამ ყველაფერს, როგორც მოცემულობას უნდა ვუყურებდეთ, ცივი გონებით. რა თქმა უნდა, ემოციებიც მნიშვნელოვანია, ოღონდ მხოლოდ ტაქტიკური მანევრებისთვის, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

 

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედების გეგმას, სქემატურად, მარტივი სახე აქვს: ჩვენ უნდა ვაიძულოთ (კარგი გაგებით) ამერიკის შეერთებული შტატები, რომ მან აიძულოს (პირდაპირი გაგებით) რუსეთი, არ შეაფერხოს ჩვენი, კონსტიტუციით გამყარებული არჩევანის (საგარეო კურსი მაქვს მხედველობაში) რეალობად ქცევა. ამ პრობლემის გადაწყვეტაში უკრაინა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემის გამწვავების შემთხვევაში ავტომატურად უნდა ირთვებოდეს პირდაპირი მოქმედების რეჟიმი, როგორც ამას ცხელი თავები მოგვიწოდებენ.

 

მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატების არჩევა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ერთადერთი სწორი არჩევანია. სწორი არჩევანი არ გულისხმობს იმას, რომ არჩეულს ბრმად მიანდო შენი ბედი. ყველა გეგმას აქვს თავისი მინიმუმი და მაქსიმუმი. ყველა პროცესში მუდმივი აქტიური ჩართულობა არის იმის პირობა, რომ ყოველთვის მომენტის შესაფერის მაქსიმუმზე გახვიდე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მოითხოვდე, აკრიტიკებდე, უკმაყოფილებას გამოხატავდე... არავინ გეტყვის, შენთვის არავის დაუძალებია ჩემი ქოლგის ქვეშ დგომა და ნუ შემაწუხეო, რადგან პოლიტიკაში არჩევანის გაკეთება არასდროს არ არის ცალმხრივი ინტერესის აქტი, ის ყოველთვის ორმხრივი პასუხისმგებლობით დატვირთულ კავშირს გულისხმობს.

 

საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ საქართველოსთვის NATO-ს კარის გახსნას ხილულ მომავალში არ უნდა ველოდეთ, რადგან ასეთია რუსეთის კატეგორიული პოზიცია. შაბლონური ტექსტები, რომ კიდევ რაღაც-რაღაცეები გვაქვს გასაკეთებელი ალიანსის სტანდარტებთან მისაახლოვებლად, ჰაერზე გასროლილი სიტყვებია და მთლიანად საჯარო მოხმარებისთვისაა გამიზნული. მსგავსი რიტორიკა დიდი ხანია აკადემიურ პასუხს აღარ იმსახურებს. „მეტი NATO საქართველოში“ ხომ საერთოდ ქილიკის საგნადაა ქცეული. ქართულ-ხალხურად ამას თვალში ნაცრის შეყრა ჰქვია, თბილისურ ჟარგონზე - „რიჟა ბაზარი“. ზემოთაც ვთქვი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მესვეურების ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ თან რუსეთის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, თანაც ეს ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდეს. აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი ჩამარხული...

 

ვიდრე ძაღლის თავის ამოთხრას შევუდგები, წინა აბზაცში გამოთქმული მოსაზრებების გასამაგრებლად, შეგახსენებთ, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მაღალი პასუხისმგებლობის პირებს, ღიად, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველო იმაზე გაცილებით წინ არის წასული, ვიდრე ეს სამეული იყო NATO-ში გაწევრიანების მომენტისთვის.

 

(შეხსენებისთვის, იმის გამეორებაც აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩემთვის, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობისგან თავისუფალი მოქალაქისთვის, ყველაფრისთვის სახელის დარქმევა, მოქალაქეობრივი ვალის ჩემეული გაგებით მიღებული გადაწყვეტილებაა. ხელისუფლება თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. არათანასწორთა ურთიერთობას თავისი წესები აქვს. საქართველოს პირველი პოლიტიკური პირები, პირდაპირი ტექსტით, ვერასდროს ეტყვიან ამერიკელ კოლეგებს, ნუ გვედემაგოგებითო, საქმეს მიაყენებენ ზიანს. საზოგადოების მხრიდან სიმართლის სააშკარაოზე გამოტანით, მჯერა, ჩვენ მიერ არჩეულ ხელისუფლებას ზურგს გავუმაგრებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაში და ჩვენი აქტიურობა სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს).

 

ქართულ საზოგადოებაში, ორი ათწლეულია, ინტენსიურად განიხილება თემა, ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთთან შედარებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ სრულიად განსხვებული დამოკიდებულებების გამოხატვა, როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის მხრიდან, ხომ არ არის ამ ორ ზესახელმწიფოს შორის რაიმე პოლიტიკური შეთანხმების პირობებით ნაკარნახევი? ამასთან დაკავშირებით ტელეეთერებშიც არაერთხელ უსაუბრიათ. ეს თუ მართლაც ასეა, ამას დიდ სენსაციას, პირადად მე, ვერ ვუწოდებდი. ზესახელმწიფოების ინტერესები ზესახელმწიფოების ინტერესებია, ეს არის და ეს. კაცმა რომ თქვას, შეთანხმება არსებობს თუ არ არსებობს, მნიშვნელობა არცა აქვს, მთავარია, რომ რეალობაა ასეთი. თუ მართლა არსებობს, ეს მხოლოდ მორალური საკითხია - არ არის სამართლიანი და სასიამოვნო, როცა შენს ზურგს უკან შენი ბედით თამაშობენ... უბრალოდ, ნდობის პრობლემა დგება.

 

ჩვენი მუდმივი ფიქრის საგანი ის უნდა იყოს, როგორ შევაცვლევინოთ რეალობა, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ჩვენს მიერ სწორად გათვლილი ნაბიჯებით. ნაბიჯების სწორად გათვლას კი ყველა მოცემულობის სწორი შეფასება, სწორი სიტუაციური ანალიზი სჭირდება.

 

ცნობილია, რომ ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის და მეორე მხრივ, საქართველოს ურთიერთობა ვალდებულებითი ხასიათისაა, რაც გარკვეული პირობების შესრულებას გულისხმობს: ჩვენი პარტნიორები ჩვენგან მოითხოვენ დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით კომპლექსური რეფორმების გატარებას, ანუ ესაა ჩვენი ვალდებულება, ხოლო თავის მხრივ, იღებენ ვალდებულებას,  ამ საქმეში ყოველმხრივი დახმარება გაგვიწიონ. ამ ურთიერთობის შედეგი იქნება საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. სწორედ აქ შემოდის ზემოხსენებული „ძაღლის თავის“ თემა...

 

თუკი საქართველო თავის ყველა ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს, პარტნიორები  იძულებული (უკაცრავად პასუხია) იქნებიან, მოცემული პირობები შეასრულონ, თუ რა თქმა უნდა, თავისი ავტორიტეტი ძვირად უღირთ (ფაქტია, რომ ძვირად უღირთ). ამ შემთხვევაში ისინი ავტომატურად აღმოჩნდებიან რუსეთის ინტერესებთან მწვავე დაპირისპირებაში. როგორც ყველაფრიდან ჩანს, ამ ეტაპზე, არც აშშ და არც NATO და ევროკავშირი ამისთვის მზად არ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ურჩევნიათ ჩვენი მიზეზით გადაიწიოს პროცესმა, ვიდრე ვინმემ ეჭვი შეიტანოს ვალდებულებებისა და პრინციპებისადმი მათ ერთგულებაში.

 

შექმნილ ვითარებაში სულ სხვა იძულება მოვიდა მოქმედებაში - ე.წ. მარჯვენა და მარცხენა ხელის პრინციპი: პარტნიორები ერთი ხელით გვეხმარებიან, ხოლო მეორე ხელით ცდილობენ შეგვიქმნან ხელოვნური ბარიერები. საქართველოს თემატიკაში ჩართულ ყველა სუბიექტს კარგად მოეხსენება, რომ დემოკრატიის განვითარების გზაზე მთავარი დაბრკოლება მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული „ნაციონალური მოძრაობაა“, თავისი მრავალრიცხოვანი განშტოებებით, დიდი ფულითა და გამართული ინფრასტრუქტურით. ამა წლის 7 იანვარს გამოქვეყნებულ, აშშ-ის ორი ელჩისადმი მიძღვნილ წერილში ვსვამდი კითხვას (თითოეული ქართველის გულიდან ამოსული კითხვაა) – „რას უნდა ემსახურებოდეს ამ მავნებლური, ქვეყნის დამაზიანებელი სუბიექტის ესოდენი მოფრთხილება და უფრო მეტიც, მის სასარგებლოდ ბალანსის შეცვლის მცდელობები?და იქვე, თავადვე ვპასუხობდი - იმას, რომ მუდამ ჰქონდეთ ჩავლებული ყურში ხელი“.

 

მოვლენათა დაახლოებით იმავე განვითარებას (ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას) ვაკვირდებით უკრაინაშიც. ამიტომ არის ეს ქვეყანა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, მაგრამ... არის ერთი მაგრამ... დასავლელმა პარტნიორებმა „მოახერხეს“, რომ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელ სიტყვას, „მეგობარი“, ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბზარი გასჩენოდა: ბოლო წლებში უკრაინა წარმოადგენდა საქართველოს პრობლემების, თუ შეიძლება ასე ითქვას, მართვის ცენტრს და ბაზას ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი პროექტების შემუშავებისთვის. საქართველოში დესტაბილიზაციის ორგანიზების ყველა მცდელობა, წლების განმავლობაში, უკრაინაში იღებდა სათავეს. ეს ყველაფერი სხვის თავს რომ ხდებოდეს, დაჯერებაც კი გაგვიჭირდებოდა, რომ მეგობარი სახელმწიფო ინახავს შენი ქვეყნის მიმართ მძიმე დანაშაულებში მხილებულ (მსჯავრდებულ) ადამიანს, მისი ავტორიტეტის ამაღლებისთვის, საქმის კეთებაში სრული უუნარობის მიუხედავად, ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე, აძლევს ნაძარცვი ფულის ბრუნვის საშუალებას, თავშესაფარს აძლევს მისი გარემოცვის სხვა მსჯავრდებულ დამნაშავეებს, თვალს ხუჭავს მეგობარი სახელმწიფოს საზიანოდ წარმოებულ ძირგამომთხრელ საქმიანობაზე და ა.შ.

 

მავანმა გულუბრყვილომ შეიძლება იკითხოს, დასავლელი პარტნიორები რა შუაშიაო? ჯერ ერთი, იმ შუაშია, რომ ანტიქართული ცენტრის ფუნქციონირება ხდებოდა უკრაინის სხვადასხვა ხელისუფლებების პირობებში, რომელთაგან არცერთს არ გააჩნდა მ. სააკაშვილთან რაიმე პირადი ვალდებულება და მეორე - მეგობარი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი სუბიექტისთვის პირობების შექმნა ამ ხელისუფლებებისთვის და მათი სახელმწიფოსთვის არ იყო სარგებლის მომტანი. რჩება ის, რომ არ ჰქონდათ საშუალება, სააკაშვილის გამოყენებით დაინტერესებული პარტნიორებისთვის („გავლენიანი ძალებისთვის“) უარი ეთქვათ  მოთხოვნაზე. აქ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ დაბრკოლებებს უქმნიდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის სხვადასხვა წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ნაცსექტისა და სააკაშვილის დესტრუქციული მოქმედებებით წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისების მოგვარების საქმეში (მარტო სამი კრიმინალის ციხიდან დახსნის გახსენებაც კმარა), ყველაფერი ნათელი იქნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ არავითარი მორალური ვალდებულებები არ გააჩნიათ. ჩვენს ყველა მოქმედებას უნდა განსაზღვრავდეს საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესები. ნებისმიერი ზედმეტობა არც საღი აზრის ჩარჩოში ჩაჯდება და არც დიპლომატიის გამოვლინებად არ შეიძლება შეფასდეს. წერილის შუაწელში პოლიტიკაში ემოციების როლზე რომ ვსაუბრობდი, ეს გახლავთ პასუხი...

 

უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებიდან ასეთი სურათი იკვეთება, რომ საომარი მოქმედებების მუქარა ერთ მიზანს ემსახურება: მისი მოხსნის (გადავადების) შემთხვევაში, უკრაინა ბედნიერი უნდა იყოს, რომ ზარალს ზარალი არ დაემატა. ასეთი პერსპექტივა, პირველად მაშინ გამოიკვეთა, როცა პრეზიდენტ ბაიდენს „წამოცდა“ ვერსიები ომის მცირე და ფართომასშტაბიანი განვითარებების შესახებ. ასეთი ვარაუდის გამოთქმაზე სითამამე არ მეყოფოდა, მსგავსი რამ ყველას ერთად ნანახი რომ არ გვქონდეს ახლო წარსულში, თანაც ორჯერ - საქართველოს 2008 წლისა და უკრაინის 2014 წლის მოვლენები მაქვს მხედველობაში.

 

საქართველოს შემთხვევა გავიხსენოთ: რამდენიმესაათიანი სამარცხვინო „ცალკარას“ მერე, იმას გვაზეიმებდნენ, რომ სამფეროვანი დროშა თბილისის თავზე არ აღიმართა და იმის დაყვედრებაც გვაკადრეს, გამყიდველი ხელისუფლება დატყვევებას ხომ გადაგირჩინეთო.  მშვიდობიანი მოქალაქეები, ტრადიციულად, საზარბაზნე ხორცად იქნა გამოყენებული. ამ ყველაფრის შედეგი კი ის გახლავთ, რომ რუსეთმა მაქსიმუმი მიიღო, ორი სატელიტი „სახელმწიფოს“ სახით, სადაც განალაგა სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო ბაზები, დასავლეთმა შეინარჩუნა გავლენა დარჩენილ 80% ტერიტორიაზე, რაც სრულიად საკმარისია მათი სტრატეგიული ინტერესების რეალიზაციისთვის, ხოლო საქართველო დარჩა გაძარცვულ-შეურაცხყოფილი, ღმერთმა უწყის, რა პერსპექტივით. ჩრდილო-დასავლურ ახალ გადანაწილებაში დღეს ერთად-ერთი პრობლემა საქართველოს „ჯიუტი“ ხელისუფლებაა, რომელსაც „აუჩემებია“ და ნერვების მომშლელად „მანიპულირებს“ ძლიერთა ამა ქვეყნისათა წყნარი ცხოვრებისთვის სრულიად შეუსაბამო სიტყვათა წყობით - „ეროვნული ინტერესები“.

 

                                                              (გაგრძელება იქნება)

 

ბიძინა დვალი

04.02.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner