„ნიკა მელიამ უკვე პრაქტიკულად აღიარა, რომ პარტიაში პოლიტიკური დეგრადაცია არის დაწყებული და გადარჩენის ერთადერთი შანსი არის, რომ უარი თქვან პატიმარ სააკაშვილის ახირებების შესრულებაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცახდა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი მიმდინარეობაა – ნიკა მელიასა და კობა ნაყოფიასი.
„ნიკა მელიამ ახლა უკვე საჯაროდ აღიარა ის, რაც ისედაც იცოდა საზოგადოებამ, მათმა მხარდამჭერებმაც და ყველამ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სულ მცირე ორი მოძრაობა, ეს არის კობა ნაყოფიას მიმდინარეობა და მელიას მიმდინარეობა. მათ ერთი რამ აერთიანებთ, მათი ბელადის გადაწყვეტილებები შესაბამისობაში რამდენად იქნება თავიანთ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, უკვე 10-დან 10 შემთხვევაში არის წინააღმდეგობა პატიმარ სააკაშვილის გადაწყვეტილებების აღსრულების ნაწილში. ამასთან დაკავშირებით მელიამ უკვე პრაქტიკულად აღიარა ის, რომ ამ პარტიაში პოლიტიკური დეგრადაცია არის დაწყებული და გადარჩენის ერთადერთი შანსი არის, რომ უარი თქვან პატიმარ სააკაშვილის ახირებების შესრულებაზე, რადგან პრაქტიკულად ეს ადამიანი გახდა პრობლემა „ნაცმოძრაობისთვის“, რაც სხვათა შორის არ დამალა არც მელიამ და არც სხვა ლიდერებმა, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, აცხადებს: „ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა“.
როგორც მელია ვიდეომასალაში აღნიშნავს, დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობაა და სიზარმაცის ბრალია, რომ არჩევნებში ხმები თვითდინებით მიიღეს.
„50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის „ოცნება“, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხომ ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, – აცხადებს ნიკა მელია გავრცელებულ ვიდეოში.
ამასთან, ნიკა მელია ვიდეოჩანაწერში მხარდამჭერებს მიმართავს:„ თქვენ თუ თქვენ მეზობლებს ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა.
მელიას თქმით, საჭიროა ხალხთან ღია ლაპარაკი, რადგან ამომრჩეველი სხვადასხვანაირია.