კულტურის სამინისტროს დაკვეთით საპროექტო კომპანიამ „სენსონი“ ბაგრატის ტაძრის კვლევა დაასრულა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ტაძარში არსებული ვითარების მიზეზი ბოლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარისხი და დაჩქარებული ტემპებია. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 10-15 წელი იყო საჭირო იმ სამუშაოებისთვის, რაც 3-4 წელში შესრულდა.
„იმედის კვირამ“ კვლევითი დოკუმენტი ექსკლუზიურად მოიპოვა.
„გამოვლინდა მეხამრიდების არასწორი მონტაჟის მეთოდოლოგია და სარკმელის მინის დამჭერების დეფორმაციები, რაც ასევე შეიძლება იყოს წყლის ჩასვლის მიზეზი. ტაძარზე სპილენძის საფარი არასაკმარისადაა გადმოშვერილი, რის გამოც ზედაპირი სველდება ინტენსიურად. სახურავის ქიმიურად დამუშავებულ სპილენძს, ნალექი რეცხავს და მწვანე ლაქებს უჩენს კედლებსა და ცოკოლის ქვებს. ქიმიური კვლევით დასტურდება რომ სპილენძის მარკა არ შეესაბამება გარე გამოყენების სტანდარტს. გამომარილებაა დაწყებული საკურთხევლის აფსიდში, ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში, და სხვა ადგილებშიც. ქვებს შორის ღარებია, კედლის მასების ურთიერთგადაბმაც შესამჩნევადაა დაშორებული. ტაძრის ადრეული შრეების ფენები გაცილებით მედეგი აღმოჩნდა ამ ჰიდროლოგიური ზემოქმედების მიმართ. მაშინ როცა ახალი ქვა გამოშრა, გამოიფიტა და დაიწყო დაშლა, ჩამოფშვნა. ეს შეიძლება აიხსნას ქვის მასალის დაბალი ხარისხით. ტაძრის განათებისთვის გაკეთებული გაყვანილობაც დამატებით საშუალებად გვევლინება ნალექების დასაგროვებლად. დაზიანებული მეხამრიდი მოწყობილობა საშიშროებას უქმნის ადამიანის სიცოცხლეს“, - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაშინ რიგი საკითხები პროექტის მიხედვითაც არ შესრულებულა.