„სააკაშვილის ქმედებები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის აცდენილია პოლიტიკას და პირდაპირ ჩამოყალიბებულია, როგორც კრიმინალი“, - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ვერ აცნობიერებს, რა არის მისი და რა ბიუჯეტის ფული.
„არ შეიძლება ადამიანს ხელისუფლება გიყვარდეს, ან ხელისუფალი გიყვარდეს და იყო ფანატიზმში. ეს უკვე ავადმყოფური გადახრაა. საქმე გვაქვს ადამიანთან, [სააკაშვილი] რომელიც აბსოლუტურად არ ცნობს, არ აღიარებს და ვერ აცნობიერებს მის უკანონო ქმედებებს. თავის დროზე თავად ვიყავი ციხეში, შემდეგ მონიტორინგს ვაწარმოებდი ციხეში და ყველანაირ კრიმინალს შევხვედრივარ. კრიმინალებიც კი აცნობიერებდნენ იმას, რომ ჩადიოდნენ დანაშაულს და დიახ, კანონის დარღვევა, ეს იყო დანაშაული. სააკაშვილის შემთხვევაში ნათლად ვხედავთ, რომ ის ამის გაცნობიერების უნარს მოკლებულია. ვერ ვიტყვით, რომ ის ამას პიარისთვის ლაპარაკობს, 99,9%-ი მისი საუბარი, რა თქმა უნდა პიარზეა, მაგრამ მისი ქმედებები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის აცდენილია პოლიტიკას და პირდაპირ ჩამოყალიბებულია, როგორც კრიმინალი. ადამიანი, როდესაც მოსამართლეს ეუბნება პირდაპირ ეთერში, სკამი, რომელზეც ის ზის, მისი ნაყიდია, ასევე მაგიდა, გისოსები და სხვა. პიროვნება ვერ აცნობიერებს, რა არის მისი და რა ბიუჯეტის ფული და რა ზღვარია ამ ორში. მას წარმოუდგენია, რომ ის იყო მომხვეჭელი. მას ჰქონდა დაპყრობილი ქვეყანა, ძალაუფლება“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.