„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთლიანად არის მობილიზებული, რომ 2 აპრილს ძალიან ღირსეულად გაიმარჯვოს და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი შეფასება იმ განწყობებისა, რომელიც ბათუმშია“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი ლაივი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა უპრეცენდენტო მხარდაჭერა მიიღო.
„მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 2 აპრილს ბათუმში, მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში. საკრებულოში ჩვენი პარტია წარმოდგენილია 16 მანდატით, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებით და ოპოზიციის წარმომადგენლებით. ამ არჩევნების შემდეგ, სადაც ჩვენი წარდგენილი ძალიან ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს, შევძლებთ რომ ბათუმისა და ბათუმელების ინტერესების გათვალისწინებით შევძლოთ როგორც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ასევე პროექტების დაგეგმვა ისე, რომ არც საკრებულოს და არც მერიას არ შეექმნას რამე მნიშვნელოვანი შეფერხება იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. აქვე გეტყვით, ჩვენ კანდიდატზე. ბატონ რამაზ ჯინჭარაძეს კარგად იცნობენ ბათუმში, აჭარაში, ასევე შეიძლება ითქვას, რომ აჭარის ფარგლებს გარეთაც. მას ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის. ის იყო თითოეული აჭარელის გულშემატკივარი. ასევე მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, ხალხთან კომუნიკაციის უნარი და რაც ყველაზე მთავარია, მისი გულისხმიერება როგორც მოქალაქეებთან დამოკიდებულებაში, ასევე საქმესთან მიმართებით, გონიო-კვარიათის მოსახლეობის ნდობას დაიმსახურებს. ის გაიმარჯვებს დამაჯერებლად და შემდეგ უკვე ჩვენ გუნდთან ერთად საკრებულოში გააგრძელებს ქალაქზე ზრუნვას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.