საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღუდგინა, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის პროგრამების კოორდინატორი ავთანდილ გიუნაშვილი ავრცელებს.
„საბერძნეთის ელჩის მიერ საქართველოს პრეზიდენტ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისადმი რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთმა უვიზო მიმოსვლა აღუდგინა, რომელიც პანდემიის გამო იყო შეჩერებული!
საბერძნეთში შესვლა უვიზოდ (ტურისტულად) საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ 2022 წლის 7 თებერვლიდან.
რისთვისაც აუცილებელია საქართველოს მოქალაქე ფლობდეს:
ევროპულ ციფრულ სერტიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს
იყოს ვაქცინირებული მგზავრობამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობდეს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.
ან უნდა წარადგინოს COVID 19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს 180-დღიანი მოქმედების ვადით.
ან წარადგინოს უარყოფით მოლეკულური ტესტი (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტი უარყოფითი პასუხით.
გაცნობებთ ასევე რომ ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრების წინ შეავსოს PLF ფორმა“, - წერს გიუნაშვილი.