„ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს“, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა პირად ბლოგზე დაწერა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გაზის ფასების ზრდამ 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია გაზარდა. ბორელის განცხადებით, თუ ენერგეტიკული ფასები 2022 წლის განმავლობაში მაღალი დარჩება, რაც უზრუნველყოფს უფრო მაღალ ინფლაციას, ეს სერიოზულად იმოქმედებს პანდემიის შემდგომ აღდგენაზე.
„იმ მძიმე კრიზისის გამო, რომელსაც ჩვენ ამჟამად გავდივართ რუსეთთან, ეს გახდა არა მხოლოდ ფასის საკითხი, არამედ მიწოდების უსაფრთხოების საკითხიც. ენერგეტიკულ პოლიტიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში: ევროკავშირის გაზის იმპორტის 40 პროცენტზე მეტი რუსეთიდან მოდის, ხოლო რუსეთის იმპორტის შემოსავლების 60 პროცენტი ევროკავშირზე. რუსეთიდან გაზის იმპორტის მთლიანი კოეფიციენტის შემცირებით, ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს არა მხოლოდ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში, არამედ ჩვენი სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირებაში“, – წერს ბორელი.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ენერგომომარაგება რუსეთმა წარსულში გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის. ბორელის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფმა „გაზპრომმა“ უარი თქვა დამატებითი მარაგების გაგზავნაზე ევროპული საცავების ხელახლა შესავსებად, რაც კიდევ უფრო მეტ ნერვიულობას ქმნის ბაზარზე.