1922 წლის 7 თებერვალს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) ამ მემორანდუმით მიმართა ევროპის სახელმწიფოებს და სთხოვა მათ, მარტო არ დაეტოვებინათ საქართველო:
„კულტურულ კაცობრიობას, გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს
მონა ღვთისა ამბროსი, სულიერი მწყემსი და პატრიარქი სრულიად საქართველოსა,
ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს
ჯერ კიდევ წინაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპის ზღვებს შორის, ქართულ მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა.
მეთვრამეტე საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს, იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე. მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ; მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით იმავ უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება; მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია; მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია, იმდენად, რომ ნებაც კი არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს მუდმივი სახსარი არსებობისა. ერთი სიტყვით, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისთვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას. ამიტომ ვითხოვ: 1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. 2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება.
სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელჰყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან.
კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებასა და მუშაობაზე.
მდაბალი ამბროსი, პატრიარქი სრულიად საქართველოისა,
7/II-22 წ. ტფილისი“.
მემორანდუმის ეს ტექსტი საქართველოდან გაიტანა და გენუის კომფერენციაზე გაავრცელა მღვდელმა(შემდეგ პროტოპრესვიტერმა) იასონ კაპანაძემ.
პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე დაიბადა1874 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ბოსლევში, დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია. მან 1922 წელს უცხოეთში გაიტანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მიერ შედგენილი გენუის კონფერენციაზე წარსადგენი მემორანდუმი, რისთვისაც ბოლშევიკურმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 9-წლიანი პატიმრობა, იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა, დარჩა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოღვაწეობდა ოჰაიოს შტატის ქ.კლივლენდის მართლმადიდებელი ტაძრის წინამძღვრად, მიენიჭა პროტოპრესიტერის წოდება, ჰყავდა ორი შვილი, 1962 წლის 15 აპრილს მეუღლესთან ერთად დაიღუპა ავტოავარიაში, დაკრძალულია კლივლენდში წმ.თეოდოსის სასაფლაოზე.
ავტორი სერგო ვარდოსანიძე